30 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემა იქმნება

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემა იქმნება.

პროექტის მთავარი მიზანია შეიქმნას საჯარო მმართველობის რეფორმაზე ორიენტირებული მონიტორინგის სისტემა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ჩართულობით, საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული გარე შეფასების ჩარჩოების შემუშავების გზით განხორციელდება. 

​როგორც "ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის"​ (IRC) დირექტორმა გიორგი გაბრიელაშვილმა აღნიშნა, მონიტორინგის სფეროში პრაქტიკა ქაოტურია, საზოგადოებრივი ინტერესი კი დაბალი.

"საჯარო მმართველობის რეფორმა და მისი გავლენა ყოველდღიურობაზე, პროფესიული წრეებისა და ინტერესთა ჯგუფების გარდა, ნაკლებად აღქმადია ფართო საზოგადოებისთვის, შესაბამისად, საზოგადოებრივი ინტერესი მისი განხორციელების მიმართ დაბალია, გარდა ამისა, მისი სამოქალაქო მონიტორინგი ტექნიკურად რთული განსახორციელებელია და ის ნაკლებად არის მოქცეული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ზედამხედველობის ქვეშ," - აღნიშნა გიორგი გაბრიელაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი სახოკიამ ხაზი გაუსვა საჯარო მმართველობის მონიტორინგის სისტემისა და საჯარო სერვისების ინდექსის თავსებადობის მნიშვნელობას.

"საჯარო სერვისების ინდექსი, რომელიც დღეს შემუშავების პროცესშია, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ხარისხიანი სახელმწიფო სერვისების უზრუნველყოფისკენ, თუმცა აღნიშნული ინდექსი, მხოლოდ საჯარო უწყებების გამოყენებისთვის იქმნება. საჯარო მმართველობის მონიტორინგის სისტემა და მისი ჩარჩოები ვფიქრობ სერვისების მიმწოდებელ უწყებებს შეუქმნის დამატებით შესაძლებლობას დაინახონ სრული სურათი," - განაცხადა გიორგი სახოკიამ.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა ნინო სამველიძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელება.

"ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასთან ერთად ეფექტური და პროფესიონალური საჯარო მმართველობის განვითარება საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ძლიერი ინსტიტუტები და კარგი მმართველობა ჩვენი თანამშრომლობის მიზანია. საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდა და მობილიზება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კარგი მმართველობის დამკვიდრებას საქართველოში" - განაცხადა ნინო სამველიძემ.

პროექტი "საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება" ევროკავშირის მხარდაჭერით, "ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის" მიერ ხორციელდება.

დღის ამბები