30 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
პროპორციული სისტემის ჩაგდება და ოპონენტების სამართლებრივი დევნა - ქართული დელეგაციის პასუხი ევროპარლამენტარების კრიტიკაზე

ბრიუსელში ოკუპაციაზე დაწყებული მსჯელობა ქვეყნის შიდა პოლიტიკის განხილვით დასრულდა. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე ქართულ დელეგაციას ყველაზე მეტი კითხვა ქვეყანაში არსებულ შიდა პოლიტიკურ მდგომარეობაზე დაუსვეს. განცხადებებში ჩანს, რომ ევროპელების მთავარი იმედგაცრუება პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნა გახდა.

სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტარები შეცდომაში არიან შეყვანილი და მათ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება ესაჭიროებათ. მმართველი გუნდის წევრების თქმით, მათ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია არა მხოლოდ მომხდარ მოვლენებზე, არამედ ამ მოვლენების განვითარების შესახებაც. კახა კუჭავამ მწვავე კითხვებისა და შეფასებების საპასუხოდ ევროპელ კოლეგებს ცალკე ფორმატში შეხვედრა შესთავაზა.

საარჩევნო სისტემა არ ყოფილა ერთადერთი თემა, რაშიც ევროპელი პოლიტიკოსები საგანგაშო სიგნალებს ხედავენ. ერთ-ერთი საკვანძო თემა, რასაც გამოსვლები მიეძღვნა, ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ არსებული სასამართლო დავებია. ამაზე აქცენტი თავსი გამოსვლაში რაფაელ გლუქსმანმაც გააკეთა, რომელიც წლების წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო.

ქართული დელეგაციის წევრმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ევროპელ დეპუტატებს საქართველოს მხრიდან დემოკრატიის მიმართ ერთგულება დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი კანონის დაცვით ხორციელდება. შესაბამისად, გამოთქმულ მოსაზრებებზე დეტალური დისკუსიის მომხრეა.

სახელმწიფო მინისტრის მთავარი გზავნილი საკუთარი გამოსვლის დროს, ოკუპაციის შედეგები იყო. ის, თუ როგორ ცდილობს მეზობელი აგრესორი სახელმწიფო ოჯახების დაშორიშორებასა და ჰუმანიტარული ვითარების უფრო გაუარესებას, განსაკუთრებით კი ბოლო დროინდელი მოვლენების კონტექსტში.

ბრიუსელი დეოკუპაციის ნაწილში საქართველოს ხელისუფლებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

საგარეო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლის გარდა, დღის წესრიგში კიდევ არაერთი მაღალი რანგის შეხვედრაა ჩანიშნული, სადაც ქართულ დელეგაციას ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებზე საუბრის საშუალება კიდევ ერთხელ ექნება.

დღის ამბები