30 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
ოხანაშვილის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებულ რობაქიძეს მუცლის ღრუს კვლევა უკვე ჩაუტარდა, პასუხი 2 დღეში გახდება ცნობილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს მუცლის ღრუს კვლევა უკვე ჩაუტარდა, პასუხი 2 დღეში გახდება ცნობილი.

რობაქიძე სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით, პოლიციელებმა მუცელში დაარტყეს.

"საბოლოო გამოკვლევის შედეგები ჯერ არ გვაქვს და დასჭირდება 2 დღე. მხოლოდ ამის შემდგომ გვექნება დასკვნა, თუ რა მდგომარეობა აქვს პაციენტს. სამწუხაროდ ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. მითუმეტეს პაციენტი არ არის თანახმა დეტალური ინფორმაცია მის ჯანმრთელობაზე გაჟღერდეს," - განაცხადა ექიმმა ბადრი ქობალავამ.

"სხვადასხვა გამოკვლევები ჩამიტარდა. ზეგ მექნება მთლიანი სურათი და შემეძლება ამომწურავი პასუხი გაგცეთ," - აღნიშნა თავად რობაქიძემ.

დადგება თუ არა სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხი, მას შემდეგ გაირკვევა, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოძიებას დაასრულებს, რობაქიძემ ლონდა თოლორაიას უწყებას ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 7 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

დღის ამბები