30 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
ჩაკეტილი გადასასვლელები და ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე მყოფი ახალგორი - ზალკალიანი-კლაარის შეხვედრა

ვითარება საოკუპაციო ხაზზე - ჩაკეტილი გადასასვლელები და ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე მყოფი ახალგორი. დღეს ამ საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ისაუბრა.

დავით ზალკალიანმა და ტოივო კლაარმა სოფელ ჩორჩანასთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზეც ისაუბრეს. კლაარის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტების გახსნა და მიმოსვლის აღდგენა მნიშვნელოვანია.

"რასაკვირველია, ყურადღება გავამახვილეთ ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე კონფლიქტის დარეგულირების პროცესში. ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით 2020 წელს. 
რამდენიმე კვირაში დავბრუნდები რეგიონში ჩემს ორ კოლეგასთან, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეებთან ერთად და აქტიურად ჩავერთვებით მუშაობის პროცესში.

ჩვენ ასევე ვგეგმავთ გამგზავრებას ცხინვალში და ვიმედოვნებ სოხუმშიც, რათა განვიხილოთ საკითხის გადაჭრის გზები და შევამსუბუქოთ არსებული სიტუაცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის აუცილებლად განვიხილავთ ახალგორთან ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვის საკითხს, ვინაიდან ამ პუნქტების გახსნა და მიმოსვლის აღდგენა უმნიშვნელოვანესია, რათა ადგილობრივი მოსახლეობა აღარ აწყდებოდეს ისეთ პრობლემებს, როგორიც დღეს არსებობს," - აცხადებს ტოივო კლაარი.

"გვქონდა დეტალური საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე საქართველოს პოზიცია იმ არაკანონიერ, საოკუპაციო პროცესებთან მიმართებაში, რაც არის დაკავშირებული ბორდერიზაციასთან. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების საშუალება და ჰუმანიტარული საკითხების გამოყენება საკუთარი, უკანონო მიზნების მისაღწევად, არის ყოვლად მიუღებელი," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები