30 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
მედიის გარეშე, დახურულ კარს მიღმა, ერთი წამითაც არ შევალთ - "გაბედეს“ და უმრავლესობის წევრებს შორის შეხვედრა არ შედგა

პარლამენტში მოძრაობა "გაბედეს" წევრებსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის შეხვედრა არ შედგა. მოძრაობის აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე არ შევიდოდნენ, თუკი მას მედიის წარმომადგენლები არ დაესწრებოდნენ.

"ჩვენი პრინციპული პოზიცია არის, რომ მედიის გარეშე ქალბატონ სოფოსთან დახურულ კარს მიღმა, ერთი წამითაც არ შევალთ. ეს არ არის ჩვენი ინტერესი დახურულ კარს მიღმა "ქართულ ოცნებას" ვესაუბროთ,“ - ამბობს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მიხეილ ქუმსიშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ კი მოძრაობის წევრები ამ მოთხოვნის გამო, პოლიტიკური შოუების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. 

"ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები აყენებენ წინა პირობად, რომ მედიამ უნდა ასახოს შეხვედრის კადრები და მედიის თანდასწრებით უნდა ვისაუბროთ, მიანიშნებს პირდაპირ იმაზე, რომ მათ საგნობრივი მსჯელობა კი არ სურდათ, არამედ უნდოდათ პოლიტიკური ტიპის შოუების მოწყობა. ჩვენ ამაში მათ ვერ დავეხმარებით," - განაცხადა სოფო კილაძემ.

დღის ამბები