30 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
აუცილებელია ცალკე სამინისტროს შექმნა და დიალოგი ხელოვანებთან - კულტურის სფეროს წარმომადგენლები

მთავრობის გადაწყვეტილებაზე, კულტურის სფეროს ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბების შესახებ, სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი ფიქრობს, რომ უწყებების ოპტიმიზაციის იდეა თავიდანვე განწირული იყო და ის შედეგზე ორიენტირებული არ იქნებოდა. 

ადამიანები, რომლებმაც ერთი თვის წინ უწყებების განცალკევება მოითხოვეს, დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან და ამბობენ, რომ უწყებების გამოყოფის შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება პრობლემების მოგვარება.

რეჟისორი, ნანა ჯანელიძე ამბობს, რომ იმისათვის, რომ კულტურის სამინისტრომ კარგად და ეფექტიანად იმუშაოს, მისი ცალკე ფუნქციონირება აუცილებელია.  

"მისი ასე დეპარტამენტად, ქვეგანყოფილებად ყოფნა დიდ, ისედაც ძალიან პრობლემურ, საინტერესო და მნიშვნელოვან სამინისტროში ამცირებს მის როლს, ამცირებს კომუნიკაციის საშუალებას, ვთქვათ კულტურის მინისტრთან თუ კულტურის მეთაურთან, იმიტომ, რომ უზარმაზარი დარგია. მან, რომ კარგად იფუნქციონიროს, საჭიროა მისი ცალკე ყოფნა, მისი დამოუკიდებლად ყოფნა და რაც მთავარია, დიდი დაფინანსება," - ამბობს რეჟისორი, ნანა ჯანელიძე.

მთავრობის გადაწყვეტილებას აფასებს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, მაყვალა გონაშვილი.

"დღეს პროფესიონალიზმი სამწუხაროდ იკარგება, შემთხვევითი გაერთიანებები ძალიან ხშირად, მაკულატურას ქმნიან იმდენად დაბალი დონისას, რომლის წაკითხვაც კი არ ღირს. აუცილებელია ცალკე სამინისტროს შექმნა და აუცილებელია დიალოგი ხელოვანებსა და სამინისტროს შორის," - განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.

საქართველოში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2018 წელს ჩამოყალიბდა. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით კი კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები