30 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
იტალიაში გარდაცვლილი ემიგრანტის საქმე - საგარეო უწყებამ ელჩს მომხდარ ინციდენტზე დეტალური ინფორმაციის მოწოდება მოსთხოვა 

იტალიაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქმე - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ენრიკო ვალვოსთან ქალაქ გორიციის სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტი განიხილა.
 
შეხვედრაზე, მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მწუხარება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და გამოხატეს მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლონ სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტისა და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გარემოებაზე ობიექტური სურათის დადგენის მიზნით.

ქართულმა მხარემ იტალიის ელჩისაგან საქართველოში, ინციდენტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება მოსთხოვა.

თავის მხრივ, იტალიის ელჩმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და იტალიური სამართალდამცავების მხრიდან ყველაფერი კეთდება მომხდარის ოპერატიული გამოძიების მიზნით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახმა დროულად მიიღოს ინფორმაცია  გარდაცვალების მიზეზების თაობაზე.
 
აღსანიშნავია, რომ მომხდარის თაობაზე ასევე დაგეგმილია საქართველოს ელჩის შეხვედრა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორთან, ხოლო საელჩოს კონსული ადგილზე ჩავა და შეხვედრებს გამართავს  ქ. გორიციის პროკურატურის წარმომადგენლებთან.

იტალიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კავშირზე იმყოფება გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან.

დღის ამბები