30 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
ნათლისღების დღესასწაული საქართველოს დედაქალაქში და რეგიონებში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში აღნიშნეს

დღეს ნათლისღებაა. დღესასწაული საქართველოს დედაქალაქში და რეგიონებში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში აღნიშნეს. 

გურიაში უძველესი ტრადიციის თანახმად, ნათლულები ნათლიასთან სტუმრად მიდიან და წითელი ლენტით გაფორმებულ მამალს ჩუქნიან. გურულების რიტუალი სათავეს საუკუნეების წინ იღებს, თუმცა მას რელიგიასთან კავშირი არ აქვს.

ტრადიციულად აღნიშნეს ნათლისღების დღესასწაული ბათუმშიც. წყლის კურთხევის შემდეგ, მრევლი სანაპიროსთან შეიკრიბა და სიმბოლურად ზღვაში შევიდნენ. ეს ტრადიცია მეუფე დიმიტრის ინიციატივით ბათუმში უკვე რამდენიმე წელია, არსებობს.

ნათლისღება იზეიმეს თელავშიც. მეუფემ, მღვდელმსახურებთან ერთად, ტრადიციულად ქალაქში წყალი აკურთხა და ნაკურთხი წყალი ქუჩაში მოსახლეობას ასხურა. წყლის კურთხევისას სიმბოლურად ცაში მტრედებიც გაუშვეს. ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის, ის მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა.

საზეიმო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა. ილია მეორემ ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი ჩაატარა, რის შემდეგაც იქადაგა. უწმინდესმა მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და მათ ნაკურთხი წყლით სახლების და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა.

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა დღეს ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა.

დღის ამბები