30 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
ახალი ვირუსით ასობით ადამიანი დაავადდება - ბრიტანელი მეცნიერების საგანგაშო განცხადება კორონავირუსზე

ახალი ვირუსით ასობით ადამიანი დაავადდება - ამ საგანგაშო განცხადებას ბრიტანელი მეცნიერები აკეთებენ.

სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ უცნობი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ოფიციალურ სტატისტიკას გაცილებით აღემატება და 2 ათასს აღწევს. მაშინ, როდესაც ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, ლაბორატორიულად ვირუსის მხოლოდ 50 შემთხვევა დადასტურდა.

განმარტებები გაკეთდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც. მათი ინფორმაციით, ეს კორონავირუსის ერთ-ერთი მიკროორგანიზმია, რომელიც ადამიანებში მანამდე არ აღმოჩენილა.

"არის საშიშროება ვირუსი ძალიან სწრაფად და მსოფლიო მასშტაბით გავრცელდეს. აუცილებელია იმის დადგენა, ზუსტად რასთან გვაქვს საქმე, როგორ ვუმკურნალოთ ამ ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებს. მკურნალობის სპეციალური კურსი, რომელიც მხოლოდ კორონავირუსისკენ იქნებოდა მიმართული, არ არსებობს. გაურკვეველია ისიც, ცხოველებისგან მომდინარეობს ის თუ არა. ბევრი შეკითხვაა. პასუხები კი არ გვაქვს," - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარია ვან კერკოვი.

პასუხები არ აქვთ ჩინეთშიც, სადაც უცნობი ვირუსი პირველად დაფიქსირდა. 2019 წლის ბოლოს, ქალაქ უხანში დაუდგენელი პათოგენით გამოწვეული პნევმონია მასობრივად გავრცელდა. 2 ადამიანი უკვე დაიღუპა.

პეკინში აცხადებენ, რომ პანდემია გამორიცხულია, რადგან ჯერ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის. ვარაუდობენ იმასაც, რომ რადგან ინფიცირებულთა უმრავლესობა ზღვის პროდუქტების ბაზარში გამყიდველი და მყიდველი იყო, შესაძლოა ვირუსის გავრცელება სწორედ ზღვის პროდუქტების საშუალებით ხდებოდეს. ეს ვერსია ეჭვქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელების გეოგრაფიული არეალი ჩინეთს გასცდა.

უცნობი ვირუსი ტაილანდსა და იაპონიაშიც დაფიქსირდა.

"ახალი, უცნობი ვირუსის შემთხვევა იაპონიაშიც დადასტურდა. მომხდარის გამო კარანტინი გამოცხადდება ჯანდაცვის ყველა ობიექტში, რათა გავრცელების პრევენცია მოხდეს. ახალგაზრდა კაცს, რომელიც დაავადებულია, პნევმონია აქვს, რომელიც ახალმა ვირუსმა გამოიწვია. ტარდება დამატებითი კვლევები," - აღნიშნავს იაპონიის მთავრობის სპიკერი იოშიჰიდე სუგა.

ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კი, სამედიცინო წრეებში განგაშის უმაღლესი დონე აქვთ გამოცხადებული. 

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მუდმივ კონტაქტზე ვართ და მათი რეკომენდაციების მიხედვით ვმოქმედებთ. საინფორმაციო კამპანიას ვეწევით, მოსახლეობას ვაფრთხილებთ და ვაწვდით საჭირო ინფორმაციას. ხალხს მოგზაურობას ვერ ავუკრძალავთ. ამ ეტაპზე სიტუაციას ვაკონტროლებთ. სამედიცინო წრეებში განგაშის უმაღლესი დონე გვაქვს გამოცხადებული," - განაცხადა ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრმა ანუტინ ჩარნვირაკულიმ

დამატებითი ზომები მიიღეს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, სან-ფრანცისკოს, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის აეროპორტებში ჩინეთის ქალაქ უხანიდან შესული მგზავრების სკრინინგი დაიწყება. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს სინგაპურსა და ჰონგ-კონგშიც.

მასშტაბები საკმაოდ დიდია, რადგან უხანის საერთაშორისო აეროპორტი 19 მილიონიან ქალაქს ემსახურება, დღეში კი 3.400 ადამიანი მგზავრობს.

"ჩინელ მგზავრებს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში გაიყვანენ, საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში კი გამოსაკვლევად მათ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ," - აცხადებს სან-ფრანცისკოს აეროპორტის წარმომადგენელი.

ექსპერტები ვირუსის გავრცელების მასშტაბების განსაკუთრებულ ზრდას იანვრის ბოლოს ელიან, როდესაც ჩინეთში ახალი წელი უნდა იზეიმონ. წელიწადის ამ დროს ქვეყანაში მილიონობით ტურისტი ჩადის.

დღის ამბები