ახვლედიანის ქუჩაზე ღამის 9 საათზე ახალგაზრდა მოლარე ქალი სავალუტო ჯიხურის კარს კეტავდა, როდესაც მასთან ფულის გადახურდავების მოთხოვნით უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცი მივიდა. ქალმა აუხსნა, რომ სამუშაო საათები დასრულებული იყო და ამიტომ სავალუტო ოპერაციას ვერ განახორციელებდა. ის მალევე მიხვდა, რომ მამაკაცი ჯიხურში დაყაჩაღების მიზნით იყო შესული. დაზარალებული "კურიერს" ტელეფონით საავადმყოფოდან ესაუბრა, სადაც თავდასხმის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში მოხვდა.
პოლიციამ ირანის 1996 წელს დაბადებული მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავა. ყაჩაღობაში მონაწილე მეორე პირს კი ამ დრომდე ეძებენ. სამართალდამცველებმა გარე და შიდა პერიმეტრზე განთავსებული კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს. ახვლედიანის ქუჩაზე სავალუტო ჯიხურზე თავდასხმას ერთი თვითმხილველი ჰყავს - გამვლელი, რომელიც გოგონას დასახმარებლად ჯიხურში შევიდა. დეტალებს იმავე ობიექტზე მომუშავე თანამშრომელიც იხსენებს.
დაზარალებული ქალი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მას თავდასხმის დღესვე ჩაუტარდა ოპერაცია. მძიმედ დაზიანებული ქვედა კიდურის გარდა სხეულზე მრავლობითი სისხლჩაქცევებიც აქვს. ექიმების განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტორი: ლუკა ხაჩიძე