ვალუტის გადამცვლელ ჯიხურზე თავდასხმისას დაშავებული მოლარე ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოში რჩება.
პაციენტს დაზიანებულ ფეხზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. იგეგმება კიდევ ერთი ოპერაცია. ერთ-ერთი თავდამსხმელი უკვე დაკავებულია, პოლიცია მეორე პირს ამ დრომდე ეძებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავეები ირანის მოქალაქეები არიან.
"კურიერი" თავდასხმისას დაშავებულ ქალს ესაუბრა.
"ცხრა საათზე ვკეტავდი სავალუტო ჯიხურს, სწორედ ამ დროს შემოვიდა ეს პიროვნება და მითხრა თანხა დამიშალეო, რადგან უკვე დაკეტილები ვიყავით, ვერ დავუშლიდი. თავიდანვე ეტყობოდა, რომ აფორიაქებული იყო, ვეცადე ქუჩაში გამოვსულიყავი, მაგრამ მაშინვე პირზე ამაფარა ხელი და იატაკზე დამაგდო. ამ დროს მეორე პირი შემოვიდა, რომელმაც ჟალუზი ჩამოწია და მივხდი, რომ დაყაჩაღებას ცდილობდნენ. ცხვირზე მაფარებდნენ ხელს და ყელში მიჭერდნენ, ცდილობდნენ გავეგუდე. ფეხი გავიქნიე და მახსოვს, როგორ ჩამარტყა თავისი ფეხი. ვყვიროდი, ერთი პერიოდი შევძელი თავის გათავისუფლება, როგორც ჩანს გამვლელმა გაიგონა ხმა და ჟალუზი ასწია," - აღნიშნა სავალუტო ჯიხურის დაზარალებულმა მოლარე ოპერატორმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.