30 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
თითქმის 2 წლიანი პაუზის შემდეგ აშშ-ს საქართველოში ახალი სრულუფლებიანი ელჩი ჰყავს - კელი დეგნანმა ფიცი დადო

თითქმის 2 წლიანი პაუზის შემდეგ შტატებს სტრატეგიულ პარტნიორთან კვლავ სრულუფლებიანი ელჩი ეყოლება.

პროფესიით ჟურნალისტმა და 25 წლის გამოცდილების დიპლომატმა კელი დეგნანმა სახელმწიფო დეპარტამენტში მისიის წინ ფიცი დადო და კონკრეტული აქცენტები გააკეთა.

თბილისამდე ბოლო დიპლომატიური მისია დეგნანს იტალიაში ჰქონდა, სადაც ელჩის მოადგილე იყო, ისევე როგორც წლების წინ კოსოვოში.

საქართველოში ჩამოსვლა ელჩს იმ პირობებში უწევს, რა დროსაც საარჩევნო სისტემის ირგვლივ მსჯელობა ჯერ არ დასრულებულა და საპარლამენტო ცხოვრება ბოიკოტის რეჟიმში გრძელდება. ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ამ მიმართულებებით ელჩის გააქტიურება შედეგებს გამოიღებს.

ისინი კი, ვინც მმართველი გუნდი პროპორციული სისტემის ჩავარდნის შემდეგ დატოვა, საარჩევნო და სასამართლო საკითხების გამო ვაშინგტონის კითხვებს ხედავს და მთავრობას ორმხრივი თანამშრომლობის დატვირთვის გაცნობიერებისკენ მოუწოდებს.

ხელისუფლებაში ამერიკასთან უპრეცენდენტო თანამშრომლობაზე და სტრატეგიული პარტნიორის განწყობების მნიშვნელობაზე მიუთითებენ და გეგმავენ, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ელჩს ობიექტური ინფორმაცია პირადად მიაწოდონ.

ანალიტიკოსთა ნაწილი იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონიდან კრიტიკა ბოლო პერიოდში მზარდი იყო, ამიტომ არჩევნებს ახლა საკვანძო მნიშვნელობა ექნება, ელჩი კი საარჩევნო თემას ფოკუსში მოაქცევს.

დიპლომატის წარსულის გათვალისწინებით ექსპერტები თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების გააქტიურებასაც ელოდებიან.

დღის ამბები