30 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
სესხები, რომელიც პრობლემური გახდა რუსეთის შემოჭრის გამო, ჯიბიდან გადავიხადეთ მე და მამუკამ - ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრების საქმეზე

ფულის გათეთრების საქმეზე TBC ბანკის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები პროცესზე ბრალდების მხარის 6 მოწმე გამოიკითხა.

სასამართლო პროცესზე TBC ბანკის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ სესხის მიზნობრიობა არ იცოდნენ. მათ განაცხადეს, რომ ბანკს ჰქონდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სესხები უნდა მომსახურებოდა ორ კომპანიას -"სამგორი ემსა" და "სამგორი თრეიდს." 

პოლიტიკური მოძრაობის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.

"დღეს რამდენიმე მოწმემ პირდაპირ თქვა, რომ ის სესხები, რომელიც პრობლემური გახდა რუსეთის არმიის შემოჭრის გამო, პრაქტიკულად, იმათი საფასური ჩვენი ჯიბიდან გადავიხადეთ მე და მამუკამ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ეს აბსურდი გრძელდება, რა თქმა უნდა, დღევანდელი მოწმეების ჩვენება, ისევე როგორც წინა მოწმეების ჩვენება, ერთმანეთისგან არ განსხვავდება და ადასტურებს იმას, რომ ეს არის მოგონილი, სრულიად უსაფუძვლო და დავალებით წარმოდგენილი ბრალდება,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ადვოკატ ზვიად კორძაძის თქმით, დღევანდელ პროცესზე გამოჩნდა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ფულის გათეთრებას ადასტურებს.

"რაც დრო გადის, რაც სხდომები ემატება, მართლდება ის, რასაც ვიძახდით, რომ არ არსებობს ამ საქმეში მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ფულის გათეთრებას. დღეს დადასტურდა, რომ არა თუ არ არსებობს ფულის გათეთრების მტკიცებულება, თაღლითობის და მოტყუების ფაქტსაც არ ჰქონია ადგილი,“ - განაცხადა ზვიად კორძაძე.

პროკურორი ამბობს, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და მოწმეები მომდევნო პროცესზეც გამოიკითხებიან.

"ბრალდების მხარე ადასტურებს იმას, რომ მათ ავთანდილ წერეთლის მეშვეობით, ისინი tbc ბანკისგან მოტყუებით დაეუფლნენ აღნიშნული ოდენობის ფულად თანხას,“ - ამბობს პროკურორი, გიორგი მიქავა. 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე 

დღის ამბები