30 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
დეპუტატები დეკლარაციის შევსებისას დაშვებულ შეცდომებს განმარტავენ - მათი უმრავლესობა დაჯარიმებულია

საჯარო სამსახურის ეროვნულმა ბიურომ გაასაჯაროვა სია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ადამიანები, რომლებიც ხელფასს ბიუჯეტიდან იღებენ, საკუთარ ქონებრივ დეკლარაციებს ხარვეზებით ავსებენ. მათი უმრავლესობა კი დაჯარიმებულია.

გამოვლენილ ხარვეზებს დეპუტატები ტექნიკური ხარვეზითა და დაუკვირვებლობით ხსნიან.

დეპუტატები, რომლებმაც დეკლარაცია არასწორად შეავსეს და აღნიშნულ სიაში მოხვდნენ, დღეს განმარტებები გააკეთეს. 

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მამუკა ჩიქოვანი აღნიშნავს, რომ შეცდომები დეკლარაციის შევსებისას დაუკვირვებლობით დაუშვა.

"ავიღე სესხი და გადაფარვა გავაკეთე. ხელშეკრულების გრაფაში ხუთის ნაცვლად მივუთითე ოთხი, ეს იყო დაუკვირვებლობა და ამით დაშვებული შეცდომა,"- განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ბექა ნაცვლიშვილი კი აცხადებს, რომ დეკლარაციის შევსება რთული პროცესია, რასაც დაკვირვება სჭირდება.

"ჩემთან არ არის არც ქონების და არც ბიზნესსაქმიანობის დამალვა. ეს იყო მექანიკური შეცდომა. დეკლარაციის შევსება არ არის მარტივი, 0 თეთრიც რომ შეგეშალოს ნიშნავს იმას, რომ დეკლარაცია არ არის სრულფასოვნად შესრულებული," - განმარტა ბექა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ილია ნაკაშიძე კი ფიქრობს, რომ ვინც კანონით შეცდომას უშვებს, ყველა უნდა დაისაჯოს, თუნდაც ჯარიმის სახით.

"არ მქონდა მითითებული ჩემი ხელფასი პარლამენტში, რაც არის ისედაც საჯარო ინფორმაცია და ეს იყო დარღვევა. ჯარიმა იყო 1000 ლარი და რა თქმა უნდა, გადავიხადე. ყველა უნდა დაისაჯოს ვინც კანონმდებლობაში შეცდომას უშვებს,"  - განაცხადა ილია ნაკაშიძემ.

შეგახსენებთ, 75 ადამიანმა უკვე მიიღო გაფრთხილება. დაჯარიმებულების უმრავლესობამ ფინანსური სანქცია უკვე გადაიხადა. 

დღის ამბები