30 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის აჩვენონ მსოფლიოს, რომ ის პროგრესი, რომლისთვისაც ამდენი იშრომეს, შეუქცევადია - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცი დადო. ფიცის დროს წარმოთქმული სიტყვა  საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ საქართველომ სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე, ისტორიულ პროგრესს მიაღწია. 

დეგნანის განცხადებით, მისი, როგორც ახალი ელჩის მიზანია საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. დეგნანმა ყურადღება რუსეთზე და მიმდინარე საფრთხეებზე გაამახვილა.

"ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. ამერიკის მსგავსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად – ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება. ახლა ერთად ვიბრძვით ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, რათა დავეხმაროთ ავღანელებს დაიცვან თავიანთი თავისუფლება და ააშენონ თავიანთი დემოკრატია.

მე ასევე მოწადინებული ვარ, გაგრძელდეს ამერიკის მტკიცე თანამშრომლობა საქართველოსთან, მათ შორის დემოკრატიის განვითარების, ვაჭრობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების კუთხით. ერთობლივი წვრთნებითა და სწავლებებით ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს უნარს, დაიცვას საკუთარი საზღვრები. ეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი ამერიკის მტკიცე ერთგულების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

მაშინ, როდესაც იმედის თვალით ვუყურებთ საქართველოს მომავალს, ღირს გავიხსენოთ საიდან დაიწყო საქართველომ და რამდენს მიაღწია ამ ქვეყანამ ომის, ოკუპაციის, ეკონომიკური ემბარგოებისა და მტრული, აგრესიული მეზობლის მიუხედავად. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის აჩვენონ მსოფლიოს, რომ ის პროგრესი, რომლისთვისაც ამდენი იშრომეს, შეუქცევადია.

მოუთმენლად ველი საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მხარდასაჭერად," - განაცხადა კელი დეგნანმა ფიცის დადების დროს. 

დღის ამბები