30 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
საქალაქო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი განუხილველად დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი  განუხილველად დატოვა.

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვა.

"2020 წლის 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოსარჩელეების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის (წარმომადგენელი - კახა კოჟორიძე) სარჩელი, მოპასუხეების ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის მიმართ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში წილის რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის თაობაზე განუხილველად დატოვა.

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვა, კერძოდ სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისთვის ჩაბარება და კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების ან/და ჩაუბარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების  სასამართლოში წარმოდგენა. 

მოსარჩელის მხრიდან კანონით დადგენილი ნორმის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, სასამართლომ  მოცემულ საქმეზე გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის პარტნიორის ქიბარ ხალვაშის კუთვნილ 60% წილს.

სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მხარისათვის მისი ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში," - ნათქვამია  საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაში.

დღის ამბები