30 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
NDI-ის ავტორებისთვის შემაშფოთებელი მონაცემები - მოსახლეობის რამდენპროცენტიანი ნდობა აქვთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს

NDI-ის კვლევის მიხედვით, ხელისუფლების მთავარი გამოწვევა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ მოსახლების ნდობის შემცირებაა. ავტორებისთვის მონაცემები შემაშფოთებელია. ამერიკული გავლენიანი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 19% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, 24%-ის აზრით კი, არაფერი იცვლება.

გამოკითხული მოსახლეობა უარყოფითად აფასებს საკანონმდებლო ორგანოსა და მინისტრთა კაბინეტის საქმიანობას.  უმრავლესობას პარლამენტარებთან კონტაქტი არ ჰქონია, 40% კი მათ საქმიანობას ცუდად აფასებს.

მხოლოდ 8% ფიქრობს, რომ საკანონდებლო ორგანო კარგად მუშაობს.

კვლევა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ ჩატარდა და გამოკითხულთა 70 % პარლამენტს ამ გადაწყვეტილებას უწუნებს. რაც შეეხება მთავრობის საქმიანობას, 64% გახარიას კაბინეტის საქმიანობას ცუდად, 30% კი კარგად აფასებს.

ოპოზიციისთვის კვლევის შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, მმართველი პარტიის პოლიტიკამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები დაასუსტა და ხელისუფლება კი მოსახლეობის ინტერესებს დაშორდა. საპარლამენტო ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების დროა.

კიდევ ერთი ინსტიტუტი, რომელიც კვლევაში მოხვდა და რომლის მიმართაც საზოგადოების ნდობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია - სასამართლოა.

კვლევის მიხედვით, თუკი 2018 წელს გამოკითხულთა 62% მიიჩნევდა, რომ სასამართლო ზოგ მოქალაქეს უპირატესობას ანიჭებდა, 2019 წელს ასე უკვე გამოკითხულთა 69% ფიქრობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის ხმაურიან პროცესს 49% ცუდად აფასებს, 9- კი კარგად.

კვლევის მონაცემები საგანგაშოა არასაპარლამენტო ოპოზიციისთვისაც.

უცვლელია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების მიმართ მმართველი გუნდის დამოკიდებულება.

სახელისუფლებო პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ კვლევები მოსახლეობის განწყობებს ვერ ასახავს და ამას საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებიც ადასტურებს.

კვლევებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია უმრავლესობის ლიდერმა დღეს NDI -ის ხელმძღვანელს პირადად გააცნო. ,"ქართულ ოცნებას" შეკითხვები NDI-ის კვლევით პარტნიორთან აქვს.

საქართველოს მოსახლეობის 82% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. გამოკითხულთა 74% კი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს. კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი ნდობა საქართველოს ჯარს აქვს. ამავე რეიტინგში მეორე ადგილი 37%-ით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და საქართველოს პოლიციაა. საპატრიარქოს ნდობა ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია.ეკლესიის საქმიანობის დადებითმა შეფასებამ  50%-მდე დაიკლო.

დღის ამბები