30 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
"უკვე გადაწყვეტილია, ვინ გახდება გენერალური პროკურორი"- ეკა გიგაური

საპროკურორო საბჭოს ყოფილი წევრი გიორგი გაბოძე მიიჩნევს, რომ არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, რის გამოც ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე არ უნდა წარედგინათ. გაბოძის თქმით, მთავარია პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდეს. 

"მთავარია, რომ გამჭვირვალედ ჩატარდეს ეს პროცესი, ყველა კანდიდატს მოუსმინოს საბჭომ და მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება გამჭვირვალე პროცესის შესაბამისად. მე არ ვფიქრობ, რომ ეგ საქმე რაიმე დაბრკოლებაა, იმიტომ, რომ არანაირი გარემოება, რაც შოთაძის კანდიდატურას დააბრკოლებდა, ამ საქმის გამოძიების პროცესებით არ გამოკვეთილა. შესაბამისად, მას აქვს სრული უფლება, როგორც ყველა სხვა კანდიდატს,"- განაცხადა გიორგი გაბოძემ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ პროცესი ფორმალურია, ხოლო ვინ გახდება გენერალური პროკურორი - გადაწყვეტილია. 

"ეს კონკურსი ფორმალობა იყო და თავიდანვე გადაწყვეტილი არის, ვინ გახდება გენერალური პროკურორი. ბატონ შოთაძესთან დაკავშირებით საზოგადოებას ჰქონდა ბევრი კითხვის ნიშანი, ზუსტად სარალიძის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. დაახლოებით 30-მდე საქმეა, რომელთა დაკავშირებითაც ჩვენ გავაგზავნეთ წერილი პროკურატურაში და წერილი არ მიგვიღია. ჩვენ 2020-ში გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიზანი უნდა იყოს, რომ განსაკუთრებით ამ პერიოდში კითხვის ნიშნები არ არსებობდეს საგამოძიებო ორგანოების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით,"- განაცხადა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა "საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა" წარუდგინა.  

ირაკლი შოთაძე 2018 წლის 31 მაისს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგა, ეს პოსტი მას 2015 წლიდან ეკავა. შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.

გადადგომის შემდეგ ირაკლი შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად დასაქმდა.

2019 წლის მარტიდან შოთაძემ სილქნეტის იურიდიული კონსულტანტის თანამდებობასაც ითავსებდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები