30 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი ისევ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი ისევ პატიმრობაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა ოქრუაშვილის ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა. ადვოკატის თქმით, დღევანდელ სხდომაზე დაკითხული ორი სამართალდამცავის  ჩვენებები იდენტური და დაზეპირებული იყო. 

"ერთსა და იმავე პერიოდში, სხვადასხვა ჩვენებაში სხვადასხვა გამომძიებელი ზუსტად იდენტურ სიტყვებს, გრამატიკულ შეცდომებს იყენებს. ეს, რა თქმა უნდა, საფუძველია იმისა, რომ არსებობდეს შეკითხვა. ძირითადი მოწმეები, რომელთაც რაღაც შეხება მაინც ჰქონდა ოქრუაშვილთან და ან შეამჩნიეს ის, დაკითხულნი არიან, თუმცა ის მაინც რჩება პატიმრობაში, რაც ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილება მგონია,"- განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.

პროკურორის განმარტებით, საქმეში ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა, ამიტომ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა არ მოხდა.

"რაც შეეხება შინაარსს, შესაძლოა იყოს გარემოებები იდენტური, ვინაიდან ისინი ერთ ფაქტობრივ გარემოებას შეესწრნენ და აღნიშნულთან დაკავშირებით მისცეს ინფორმაცია. რაც შეეხება დღეს მიცემულ ინფორმაციას, აღნიშნული ოქმების ავთენტურობა დადასტურდა გამომძიებლების მიერ, ხოლო ინფორმაციას სასამართლო უშუალოდ მოწმეებისგან იღებს და ითვალისწინებს,"-განაცხადა პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა.

საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 23 იანვარს გაიმართება.

დღის ამბები