30 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
ზაზა სარალიძე ირაკლი შოთაძის გენპროკურორად შესაძლო დაბრუნებაზე : "ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად ვაფასებ"

საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენას, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, სოციალურ ქსელში ეხმაურება. ზაზა სარალიძე "ფეისბუქზე" წერს, რომ ის ამ დროისთვის გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს.

"მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი ბრძოლის მთავარი მიზანი იყო დამნაშავეების სრული სიმკაცრით დასჯა. დათუჩას საქმეზე კონკრეტული ადამიანების თუ მთავრობის პასუხისმგებლობას ვაყენებდი სწორედ იმის გამო, რომ არ მქონდა სამართლიანობის განცდა, არ მქონდა შეგრძნება, რომ ყველაფერი სწორად მიდიოდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ჩემი ოჯახის ტრაგედიის გამოყენება პირადი ქულების ჩასაწერადაც კი სცადა!!!

ახლაც გრძელდება ჩემი ოჯახის მიმართ, კონკრეტული პირებისგან, უსაფუძვლო ბრალდებები.

ახლა საქმე მიდის სწორი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ აღდგება სამართლიანობა და ყველა დამნაშავე აუცილებლად, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. არ მაქვს არანაირი პრეტენზია, არ მაქვს არანაირი საფუძველი, არ ვენდო გამოძიებას ამ ეტაპზე.

ამიტომ, ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ბატონი ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუნება.

ვფიქრობ, რომ ამ საქციელით მას სურს დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ და ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ.

დაველოდები მისგან ღირსეულ ნაბიჯებს და აუცილებლად ბოლომდე მივყვები ამ საქმეს, რათა ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს და არავინ დარჩეს დაუსჯელი,"- წერს ზაზა სარალიძე. 

შეგახსენებთ, ირაკლი შოთაძე 2018 წლის 31 მაისს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციების და გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გამო გადადგა.

ამავე თემაზე
დღის ამბები