30 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
"თიბისი ბანკის" საქმეზე სავადო ტრანზაქციებში მონაწილე პირებმა 2008 წელი, სესხის გაცემა და მიღება კიდევ ერთხელ გაიხსენეს

"თიბისი ბანკის" საქმეზე სავადო ტრანზაქციებში მონაწილე პირებმა დღეს 2008 წელი და სესხის გაცემისა და მიღების გარემოებები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

სასამართლოს წინაშე "სამგორი ემისა" და "სამგორი თრეიდის" დირექტორები და "თიბისი ბანკის" ყოფილი თანამშრომელი წარდგნენ. პროცესზე "თიბისი ბანკის" ცენტრალური ფილიალის ყოფილმა ხელმძღვანელმა დაზუსტებით თქვა, რომ კომპანიებზე ბანკმა სესხი ეროვნული ბანკის რეგულაციების სრული დაცვით გასცა.

პროკურორის კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ აღნიშნული სესხები ინსაიდერული იყო, ანუ ადმინისტრატორებს უნდა მომსახურებოდა, ლობჟანიძემ განაცხადა, რომ არ იცოდა. მასთან ერთად, კითხვებს ტრანზაქციის განხორციელების დროს სამგორი ჯგუფის კომპანიების დირექტორებმაც უპასუხეს. "სამგორი ემის" ხელმძღვანელმა თქვა, რომ "თიბისი ბანკიდან" სესხის მიღებისა და გადასესხების მითითება ავთანდილ წერეთლისაგან მიიღო. დაადასტურა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ბანკი კომპანიებს არ უკავშირდებოდა.

ავთანდილ წერეთლის მითითება, რომ "თიბისისგან" აღებული სესხი ბანკის დამფუძნებლებზე უნდა გადასესხებულიყო, ბრალდების მხარისათვის თვალთმაქცური გარიგებაა. პროკურორის თქმით, "თიბისის" მხრიდან სესხის გაცემიდანვე იყო დაგეგმილი, რომ კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან საერთოდ გათავისუფლებოდნენ. პროკურორის თქმით, სწორედ ამ მიზნით პროცესში 2012 წელს ოფშორული კომპანია შემოვიდა.

ამ დრომდე სასამართლოში ბრალდების მხარის 10 მოწმე დაიკითხა. მათ ბრალდებულთა ადვოკატები დაცვის მხარის მოწმეებს უწოდებენ. ის, რაც ბრალდებისათვის თვალთმაქცური გარიგებაა, დაცვისთვის ინფორმაციაა, რომელიც დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.

ბრალდებულთა ადვოკატების პოზიციას იზიარებს სახალხო დამცველიც. ომბუდსმენის აპარატმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში "ფულის გათეთრება" არ იკვეთება. აპარატი მიუთითებს, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის პროცესის დაწყებამდე აუცილებელია არსებობდეს უკანონოდ მოპოვებული "შავი ფული", რაც საქმეში არ იკვეთება. მოსაზრებაში ომბუდსმენი ფულის გათეთრების სამეტაპიან სქემასაც განმარტავს, რომლის მიხედვითაც, თავდაპირველად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა ბანკის სხვადასხვა ანგარიშზე ირიცხება, შემდგომ მრავალი წვრილმანი გადარიცხვა სრულდება, რათა მაკონტროლებელმა ორგანოებმა აღნიშნული თანხის წარმომავლობის დადგენა ვეღარ შეძლონ, ბოლოს კი თანხა დამნაშავის საბანკო ანგარიშზე ბრუნდება. რაც ამ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა.

საქალაქო სასამართლოში მომდევნო პროცესი 17 იანვარს გაიმართება. 19-დან 30 იანვრამდე ჩანიშნული პროცესები კი მარტში, რადგან საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ავთანდილ წერეთელმა ქვეყნის დატოვება სამკურნალოდ ითხოვა.

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები