30 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
ვინ გახდება ქვეყნის პირველი პროკურორი - საპროკურორო საბჭოში განაცხადების შეტანის ვადა 2 დღეში იწურება

სოფიო შენგელია ამ ეტაპზე ერთადერთი ქალი კანდიდატია, რომელიც გენერალური პროკურორის ვაკანტური პოსტისთვის იბრძოლებს. "კავკასიის უნირვესიტეტის" სამართლის სკოლის დეკანი ამავე უნივერსიტეტმა წარადგინა. პროკურატურის მუშაობაში გამოწვევების არსებობას ადასტურებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს. აანონსებს, რომ საკუთარ პოზიციას საბჭოს გააცნობს. არჩევა-დანიშვნის შემთხვევაში, შენგელიას პრიორიტეტი პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლება და გენდერული ბალანსი იქნება. 

"ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" თავმჯდომარე, რომელსაც 18-წლიანი საადვოკატო და უფლებადაცვითი გამოცდილება აქვს, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა. აქედან ერთს თავად ხელძმღვანელობს. გრიგოლ გაგნიძემ საკუთარი ხედვის მცირე ნაწილი გაგვიზიარა. გვითხრა, რომ დეტალებზე საბჭოსთან ერთად იმსჯელებს. მოქმედი ადვოკატი გენერალური პროკურორის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მას პოლიტიკური სიმპათიები აქვს. არ აკონკრეტებს ვის მიმართ. მხოლოდ მიგვანიშნებს, რომ სიმპათიები იმ პოლიტიკურ ძალებს ეკუთვნით, ვინც, გაგნიძის განმარტებით, სახელწმიფო ინტერესებს ემსახურებიან.

პაატა გაბელიას პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. უწყებაში 1992 წელს დაწყებული კარიერა, საკუთარი განცხადების საფუძველზე, 2012 წელს მიატოვა. ის დღეს მოქმედი ადვოკატია. მისი წარმდგენი სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრია. პაატა გაბელიასთვის მოქმედი კანონმდებლობა ხარვეზინია და გამოსწორება სჭირდება. გენერალური პროკურორობის კანდიდატი უწყებაში კვალიფიკაციის დეფიციტს ვერ ხედავს. გაბელიას პროკურატურის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციის სრული პოლიტიკური ნეიტრალიტეტის არ სჯერა. 

სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა ვაკანტურ პოსტზე კიდევ ერთი მოქმედი ადვოკატის კანდიდატურა წარადგინა. ფიქრია ზირაქაშვილი დღეს მედიასთან არ გამოჩენილა. მის ნაცვლად, განმარტება მისმა წარმდგენმა ორგანიზაციამ გააკეთა.

საპროკურორო საბჭოში განაცხადების შეტანის ვადა 2 დღეში იწურება. ამ დროის მონაცემებით, საბჭოში 5 კანდიდატურაა წარდგენილი. ერთთვიანი კონსულტაციების დასრულების შემდეგ საპროკურორო საბჭო მხოლოდ 3 კანდიდატს შეარჩევს. აქედან მინიმუმ ერთი განსხვავებული სქესის უნდა იყოს. მათ კენჭი ინდივიდუალურად ეყრებათ. არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას, ანუ საბჭოს სრული შემადგენლობის ხმების არანაკლებ მესამედს მიიღებს.

შერჩეულ კანიდატს კი საბოლოო გადაწყვეტილებისთვის პარლამენტს გადაუგზავნიან. გენერალური პროკურორის შესარჩევად 76 ხმა საკმარისია.

 

 

დღის ამბები