დეპუტატის სიტყვიერი შეურაცხყოფა და შვილებზე მუქარა ვახტანგ რობაქიძემ სასამართლო პროცესზე საკუთარი ვერსიით ახსნა. "ლელოს" წევრმა მოსამართლეს უთხრა, რომ მასსა და დეპუტატს შორის კონფლიქტი სიტყვიერ შეკამათებას არ გასცდა. ამავე პროცესზე რობაქიძემ პოლიციას ბოდიში მოუხადა და წინააღმდეგობის გაწევა ზედმეტ ალკოჰოლს დაუკავშირა.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ვახტანგ რობაქიძემ სამდღიანი პატიმრობა პოლიტიკურ შურისძიებას დაუკავშირა.
ვახტანგ რობაქიძეს წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე დღის გატარება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით მოუწევს, თუმცა, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მას დეპუტატ ანრი ოხანაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფა და მისი ოჯახისწევრების მისამართით მუქარა დაუდასტურდა.
ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში მომხდარ ინცინდენტს იხსენებენ თვითმხილველებიც. "კაფე 25-ის" დირექტორი "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ ვახტან რობაქიძეც კაფეში მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, იყო ნასვამ მდგომარეობაში და დეპუტატს უცენზურო სიტყვებით მიმართავდა.
ამჟამად "ლელოს" აქტივისტი, ვახტანგ რობაქიძე წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი. გასული წელს კი, ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს. დაკავებულის ოჯახის წევრებს ბაკურიანში მომხდარის დეტალებზე საუბარი არ სურთ.
ბაკურიანში მომხდარი ინცინდენტი თბილისში რობაქიძის და ოხანაშილის თანაპარტიელებმაც შეაფასეს. მამუკა ხაზარაძემ დაადასტურა, რომ რობაქიძე ნამდვილად პარტია "ლელოს" წევრია. უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ოპოზიციის მხრიდან ძალადობის წახალისება არ უნდა ხდებოდეს.
პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო სამდღიანი თავისუფლების აღკვეთის შემდეგ, რობაქიძეს ახალი საქმის სასამართლო განხილვა ელოდება. დეპუტატისა და მისი ოჯახის მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის გამოძიება სისხლის სამართლის 151-ე მუხლით მიმდინარეობს.