30 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
"რუსეთის მხარემ საქართველოს ხელისუფლება მოატყუა" - სუმბაევის ადვოკატი

საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის ადვოკატი ივანე ნორაკიძე აცხადებს, რომ რუსეთის მხარე ჰაკერისთვის ახალი ბრალდების წაყენებას აპირებს, რომლის შესახებაც მათ ქართული მხარე არ გაუფრთხილებიათ. ადვოკატის თქმით, საერთაშორისო კონვენცია ექსტრადიციის შესახებ რუსეთს ავალდებულებს, საქართველოსგან დამატებითი ნებართვა გამოითხოვოს მანამ, სანამ ექსტრადირებულ პირს ახალ ბრალდებას წარუდგენს.

"პროცედურა არის შემდეგი: რუსეთმა, თავის დროზე მოითხოვა სუმბაევის გადაცემა საქართველოსგან იმიტომ, რომ ე.წ. ბილეთების საქმეა რკინიგზაზე, როდესაც ჰაკერთა დაჯგუფებამ რაღაც თავდასხმა განახორციელა მათი ვერსიით და ამისთვის გადაეცა საქართველოდან. ახლა აპირებენ სულ სხვა ბრალდების წაყენებას მისთვის და ვინაიდან საქართველოსთვის თავის დროზე არ უცნობებიათ ამის შესახებ და, ფაქტობრივად, მოატყუეს მათ საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო, ევროპული კონვენცია ექსტრადიციის შესახებ რუსეთს ავალდებულებს, რომ გამოითხოვოს დამატებითი ნებართვა საქართველოსგან, რომ ახალი ბრალდება წარუდგინოს იაროსლავ სუმბაევს,"-განაცხადა ადვოკატმა ივანე ნორაკიძემ.

საქართველოს პროკურატურაში რუსეთში ექსტრადირებული ჰაკერის საქმეზე "კურიერს" განუმარტეს, რომ შუამდგომლობა მოსკოვიდან თბილისში არ მოსულა. საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად, ექსტრადირებული პირი შეიძლება პასუხისგებაში მიეცეს ან გასამართლდეს მხოლოდ იმ დანაშაულისათვის, რისთვისაც მისი ექსტრადიცია მოხდა. ექსტრადიციის შემდეგ პასუხისგებაში მიცემა ან გასამართლება იმ დანაშაულისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირის გადაცემა არ განხორციელებულა, შესაძლებელია მხოლოდ ექსტრადიციის განმახორციელებელი სახელწიფოს თანხმობის საფუძველზე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პროკურატურა იაროსლავ სუმბაევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ევგენია შიშკინას მკვლელობის საქმეზე ითხოვს და თანხმობისთვის თბილისს მიმართავს. ადვოკატი იუსტიციის მინისტრს მოუწოდებს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიიღოს. 

დღის ამბები