30 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
სახალხო დამცველი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ფულის გათეთრების ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მხარეებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება გააცნო. სახალხო დამცველის განცხადებაში ჩამოთვლილია მიზეზები, რის გამოც აღნიშნული საქმე ფულის გათეთრების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. სახალხო დამცველი სასამართლოს მიმართავს რეკომენდაციით, სასამართლო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით დამკვიდრებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკას დაეყრდნოს და ფულის გათეთრება სხვა ეკონომიკური დანაშაულებისგან გაიმიჯნოს.

"საქმის მასალებში არ იკვეთება იმ ელემენტების არსებობა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქმედება ჩაითვალოს ფულის გათეთრების დანაშაულად. 

ზოგადად, ფულის გათეთრების სქემა სამ ეტაპს მოიცავს. თავდაპირველად დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა ბანკის, როგორც წესი, სხვადასხვა ანგარიშებზე განთავსდება, შემდგომ მრავალი წვრილმანი გადარიცხვა სრულდება, რათა მაკონტროლებელმა ორგანოებმა აღნიშნული თანხის წარმომავლობის დადგენა ვეღარ შეძლონ, ბოლოს კი თანხა დამნაშავის საბანკო ანგარიშზე ბრუნდება.

საქმის მასალების მიხედვით კი, ბრალდებულებს მიღებული თანხა არ განუთავსებიათ სხვადასხვა ანგარიშებზე, არ დაუშლიათ მცირე ერთეულებად კონტროლისთვის თავის არიდების მიზნით, არ განუხორციელებიათ წვრილმანი გადარიცხვები და ამავდროულად, საქმიდან საერთოდ არ იკვეთება თანხის მათ ანგარიშზე უკან დაბრუნება, რაც დანაშაულის ჩადენის მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს.

ამრიგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პროცესის მიმდინარეობისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო უნდა დაეყრდნოს ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით დამკვიდრებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკას, რომელიც ზემოაღნიშნული ელემენტების არსებობის აუცილებლობაზე მიუთითებს.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით სასამართლოს ასევე წარედგინა ფულის გათეთრების სხვა ეკონომიკური დანაშაულებისგან გამიჯვნისა და სისხლისსამართლებრივი ნორმის სწორი განმარტების მიდგომის შესახებ მსჯელობა. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი დაეხმარება სასამართლოს წინამდებარე საქმის სამართლიან შეფასებასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში,"- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

დღის ამბები