30 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
ფაქტია, რომ ჩვენ მიმართ არის პოლიტიკური დევნა - ბადრი ჯაფარიძე

"თიბისი ბანკის" ერთ-ერთი მფლობელის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ ბრალი, რომელსაც პროკურატურა მათ ედავება, სრულიად აბსურდული და პოლიტიკურად მოტივირებულია.

ჯაფარიძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიზნესმენ ავთო წერეთლისგან მან და მამუკა ხაზარაძემ სესხი აიღეს.

"ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ სესხი არ აგვიღია. ავთო წერეთელს ჩვენ ვთხოვეთ სესხი და მივიღეთ. დამთავრდა საკითხი. ფაქტი არის, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და ძალიან კარგად დასტურდება პროკურორების მიერ მოყვანილი მოწმეების მხრიდანაც და დღეს, სხვათაშორის, ბანკის თანამშრომელს ჰკითხეს, რომ საერთოდ შეხება თუ ჰქონდა ამ სესხთან დაკავშირებით ჩვენთან და მან ცალსახად უპასუხა, რომ არანაირი შეხება არ ჰქონია," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს თქვა, რომ "თიბისი" ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით).

აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. საქმეზე ბრალდებულია "TV პირველის" მფლობელის, ვატო წერეთლის მამა ავთანდილ წერეთელი. 

დღის ამბები