30 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
"თიბისი ბანკის საქმე" - სახალხო დამცველმა საქმეში ფულის გათეთრების ნიშნები ვერ დაინახა

თბილისის საქალაქო სასამართლოში "თიბისის ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმეზე პროცესი დასრულდა.

დღეს ბრალდების მხარის მოწმეები - "თიბისი ბანკის" ერთ-ერთ თანამშრომელი, "სამგორი ემის" და "სამგორი თრეიდის" დირექტორები დაკითხეს, მათ სესხის მიღების გარემოებებზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ დღეს საქმეზე მხარეებს სახალხო დამცველის მოსაზრება ჩაბარდა. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველმა ამ საქმეში ფულის გათეთრების ნიშნები ვერ დაინახა.

"ჩვენ ჩაგვბარდა სახალხო დამცველის სასამართლო მეგობრის მოსაზრება, რომელმაც თავიდან ბოლომდე შეისწავლა აღნიშნული საქმე და დასკვნა ასეთია - "ზემოაღნიშნული არგუმენტაციით ნათლად ჩანს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდების დასაბუთება არ შეესაბამება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კონვენციურ შინაარსს, აგებულობებს და სპეციალურ მიზნებს." რამდენიმე თვეა სახალხო დამცველი სწავლობს ამ საქმეს, რომლის დასკვნით, არავითარი ფულის გათეთება ამ საქმეში არ არის," - აღნიშნა ზვიად კორძაძემ.

ავთანდილ წერეთლის ადვოკატის კახა წერეთლის განცხადებით, აღნიშნულ საქმეში ფულის გათეთრების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის.

"მოწმეებმა განაცხადეს, რომ ეს იყო რეალური სესხი და სარგებლიანი სესხი კომპანიისთვის. აღნიშნულ მასალებში ფულის გათეთრების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის. ბრალდება აქედან გამომდინარე არის დაუსაბუთებელი, ამას ვამბობთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ამ შეფასებას აკეთებს სახალხო დამცველიც," - განაცხადა ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა კახა წერეთელმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განმარტებით, ბანკს სესხი უკან აღარ დაუბრუნდა. მისივე მტკიცებით, 2012 წელს საქმეში შემოვიდა ოფშორული კომპანია, რომელსაც არანაირი აქტივი არ გააჩნდა. 

"ამ ჩვენებებით და მათი ერთობლიობით დასტურდება, რომ საბოლოო ჯამში ეს არ იყო სესხები. აქ არ არის უბრალოდ თანხის გადასესხება, ეს იყო კომპლექსური ქმედებები, რომელიც საბოლოო ჯამში დასრულდა 2012 წელს, როცა გამოჩნდა ოფშორული კომპანია, რომელსაც არანაირი აქტივი არ გააჩნდა და ბანკი დარჩა მოთხოვნის გარეშე, ანუ ბანკს აღარ დაუბრუნდა ამ ქმედებებიდან სესხი.

ფულის გათეთრება არის სამართლებრივი კვალიფიკაცია, ერთადერთი ექსკლუზიური უფლება, რომ ასეთი კვალიფიკაცია საბოლოოდ მიეცეს ამ ქმედებებს არის სასამართლო," - განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები