30 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
არასამთავრობოები ანგარიშზე - "მორიგი დემონსტრირება იმის, რომ აუცილებელია, საქმეების გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობდეს"

Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს მესამე სექტორის მხრიდან შეფასებები მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, დოკუმენტში ასახულია ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელზეც ისინი მთელი წლის განმავლობაში საუბრობდნენ. ანგარიშში ძირითადი აქცენტი 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე კეთდება. 

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცხადებს, ანგარიში იმის დასტურია, რომ  ყველა საქმის გამოძიება ობიექტურად და გამჭვირვალედ უნდა ხდებოდეს. 

"ეს არის მორიგი დემონსტრირება იმის, რომ აუცილებელია, ყველა საქმის გამოძიება ხდებოდეს ობიექტურად და არა რაღაც კონკრეტული შეფასებების ნაწილში, რომელიც შეიძლება ხელისუფლებისთვის იყოს მისაღები. ამდენად, მე არ მაქვს ისეთი მოლოდინი, რომ რაღაც განსაკუთრებული რადიკალური ცვლილება იქნება ამ საქმის გამოძიების პროცესში, თუმცა რეალურად, ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ მნიშვნელოვანი ინსტიტუტების დისტანცირება პოლიტიკური პროცესებისგან არის, სამწუხაროდ, ამ ქვეყნის გამოწვევა დღესაც,“- განაცხადა სულხან სალაძემ.

ანგარიშში მოყვანილ პრობლემატურ ფაქტებზე საუბრობს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური. 

"განსაკუთრებული აქცენტები არის გაკეთებული 20 ივნისის გამოძიებაზე და იმაზე, რომ დაზარალებულის სტატუსი ბევრმა ვერ მიიღო, მათ შორის, აქ საუბარი არის ჟურნალისტებზე, რომლებიც დაზიანდნენ და დაზარალდნენ ამ აქციის დაშლის შემდეგ და რა თქმა უნდა, ასევე აღნიშნულია პოლიციის მიერ ძალის გადამეტების პრობლემა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ Human Rights Watch 2019 წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში 5 გვერდი საქართველოს ეთმობა. მთავარი აქცენტები კეთდება რამდენიმე საკითხზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ 20 ივნისს მთავრობამ მშვიდობიანი აქციების დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა. სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევის დაუსჯელობა კი საქართველოში პრობლემად რჩება.

დღის ამბები