უპრეცენდენტო შემთხვევა დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის ისტორიაში - მეგანი და ჰარი სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრობის სტატუსზე უარს ამბობენ. წყვილის გადაწყვეტილება სამეფო უფლებამოვალეობებზე უარის შესახებ ბრიტანული მონარქიისთვის სერიოზულ დარტყმად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ელისაბედ მეორე პრინც ჰარისთან და მეგან მარკლთან დაკავშირებით "გარდამავალ პერიოდს" დათანხმდა. ე.წ მეგქსითის პროცესი რთულ და ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს.
სამეფო კარის ექსპერტების აზრით, მონარქებს ბევრი რთული საკითხის გადაწყვეტა მოუწევთ, მათ შორისაა ფორმალური მოვალეობების შესრულება, ფინანსები და წყვილის უსაფრთხოება.
ჰარი და მეგანი, სამეფო უფლებამოვალეობებზე უარი თქმის შემთხვევაში, ნაწილობრივ, კანადაში იცხოვრებენ. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, წყვილმა პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოსგან შეთავაზება მიიღო.
წყვილმა სკანდალური გადაწყვეტილების მიზეზად მედიის მიერ მათ პირად ცხოვრებაზე ზედმეტი ფოკუსირება და ტაბლოიდების მხრიდან მუდმივი კრიტიკა დაასახელა. ტაბლოიდები კი კრიზისს ძმების - უილიამსა და ჰარის შორის უთანხმოებასაც უკავშირებენ. გამოცემები წერენ, რომ უფროსი ძმა უმცროსს აბულინგებდა, რაც მეგანმა ვერ მოითმინა. სამეფო წყვილის განცხადებიდან რამდენიმე საათში "მადამ ტუსოს" მუზეუმში პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ცვილის ფიგურები აიღეს.
მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ერთობლივი ქონება ამჟამად 33 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ წყვილი, როგორ სამეფო ოჯახის წევრები, შემოსავლის 5 პროცენტს ე.წ. სუვერენული გრანტის სახით იღებენ, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტიდან ოჯახს ყოველწლიურად გადაეცემა. დანარჩენ 95 პროცენტს კი მათ კორნუოლის საგრაფო უფარავს, რომელიც ჰარის მამის, პრინც ჩარლზის კერძო მამულებს წარმოადგენს. როგორც მედია წერს, წყვილი სამეფო ოჯახისგან დისტანცირების შემთხვევაში ე.წ. სუვერენულ გრანტს ვეღარ მიიღებს.