30 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
ვინ იქნებიან გენერალური პროკურორობის კანდიდატები - შესარჩევი ერთთვიანი კონსულტაციების ვადა იწურება

გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევი ერთთვიანი კონსულტაციები 17 იანვარს იწურება. რამდენიმე დღეში გაირკვევა მათი ვინაობა, ვინც ვაკანტური ადგილისთვის ბრძოლას აპირებს. დასახელებული კანდიდატებიდან, საპროკურორო საბჭო, კონსულტაციების შედეგად, მხოლოდ სამს შეარჩევს. მათ კენჭი ინდივიდუალურად ეყრებათ. არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას, ანუ საბჭოს სრული შემადგენლობის ხმების არანაკლებ მესამედს მიიღებს. შერჩეულ კანდიდატს კი, საბოლოო გადაწყვეტილებისთვის პარლამენტს გადაუგზავნიან.

"ევროპულ საქართველოში" დარწმუნებულები არიან, რომ თადუმაძის შემცვლელი მხოლოდ ის ადამიანი გახდება, ვისაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გადაწყვეტს.

გენერალური პროკურორის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს სკეპტიკურად უყურებს ლევან კობერიძეც. დამოუკიდებელი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ კანდიდატი, რომელიც გაიმარჯვებს, კონკრეტული პირების დავალების შემსრულებელი იქნება.

უმრავლესობა ირწმუნება, რომ კანდიდატის შერჩევის პროცესიც და პროკურატურაც პოლიტიკური ზეგავლენებისგან დამოუკიდებელია.

გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესში ხარვეზებზე საუბრობს "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის", რომელიც ათობით არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. მათ სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს და საბჭოს სამპუნქტიანი რეკომენდაციითაც მიმართეს.

სამოქალაქო სექტორის სურვილია, გენერალური პროკურორის თანამდებობა დაიკავოს ადამიანმა, რომელიც პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი, კვალიფიციური და პროფესიონალი იქნება. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გარდა, რეკომენდაციები შერჩევის პროცედურების გამჭვირვალობასაც ითვალისწინებს. სამოქალაქო სექტორს მიაჩნია, რომ კანდიდატების შესარჩევი კრიტერიუმები უფრო მკაფიო უნდა იყოს. 

გენერალური პროკურორის სკამი ვაკანტური 12 დეკემბერს, მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უკვე ყოფილი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ განმწესებას.

დღის ამბები