30 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან

ოკუპირებულ სოხუმში ახალი საარჩევნო სისტემის შექმნაზე მუშაობა დაიწყეს. 22 მარტამდე ე. წ. პარლამენტმა არაღიარებული არჩევნების ჩატარების წესი უნდა განსაზღვროს, ძველი კანონი ოპოზიციისთვის მიუღებელია.

დღეს არაღიარებული მთავრობის ოპონენტები რევანშზე აღარ საუბრობენ და დე ფაქტო ყოფილ ლიდერს, პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში, ხელშეუხებლობასაც ჰპირდებიან.

რაულ ხაჯიმბას ამ დრომდე არ აქვს გადაწყვეტილი, იყრის თუ არა ახალ ე. წ არჩევნებში კენჭს. ოკუპანტ ქვეყანაში კი დარწმუნებულები არიან, რომ მოსკოვის მიერ აღიარებული აფხაზეთის ახალი ლიდერი ასლან ბჟანია იქნება.

რუსი დეპუტატები, ერთის მხრივ, აცხადებენ, რომ ოკუპირებულ სოხუმში მოვლენები არაღიარებული რესპუბლიკის შიდა საქმეა, თუმცა არ მალავენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება მოსკოვს არ მოსწონს.

მოსკოვი ოკუპირებულ ტერიტორიებს ფინანსურად ეხმარება, შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესებშიც აქტიურად ჩართულია. ამის ნათელი მაგალითი რუსეთის დუმის ვიცესპიკერის, ვლადიმერ ჟირინოვსკის Twitter-ის პოსტია.

რუსი ანალიტიკოსები ხაჯიმბას წინააღმდეგ აქციებს გაზაფხულისთვის ვარაუდობდნენ. ოკუპირებულ სოხუმში არეულობა 9 იანვარს დაიწყო. 4 დღის განმავლობაში ე. წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამაგრებული ოპოზიცია ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდა. კრიზისის აქტიური ფაზა მხოლოდ კრემლის ემისრების არაღიარებულ სოხუმში ჩასვლის შემდეგ, ხაჯიმბას გადადგომით დასრულდა.

დღის ამბები