კლუბ "ბასიანზე" შეირაღებული თავდასხმის უცნაური ვერსია - ბრალდებული ჩაჩხიანი დღეს ირწმუნება, რომ თოფით ის სანადიროდ მიდიოდა, ამიტომ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლს აპროტეტებს. ბიძინა ჩაჩხიანი არ ყვება, რატომ მიბრუნდა მეორედ "ბასიანის" ტერიტორიაზე და რატომ გაისროლა 15-ჯერ, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიჭრა.
სამი პირის დაჭრაში ბრალდებული დღეს სასამართლო პროცესზე შეეცადა, 12 იანვრის ღამის საკუთარი ვერსია მოეთხრო. ბიძინა ჩაჩხინმა 15 გასროლილ ტყვიას ხალხმრავალ ადგილას და კლუბის სამ დაჭრილ თანამშრომელს ნადირობაზე წასვლა უწოდა. გამოძიების ინფორმაციით კი იმ საღამოს კონფლიქტი დიჯეისთან მუსიკის თაობაზე უთანხმოებას მოჰყვა, რა დროსაც დაცვის თანამშრომლებმა ჩაჩხიანი ტერიტორიას განარიდეს. 39 წლის მამაკაცი ცოტა ხანში უკან დაბრუნდა და იარაღით 15-ჯერ გაისროლა, ბრალდებული კი ირწმუნება, რომ 12 იანვრის ღამის 3 საათზე, ინცინდენტის შემდგომ, თოფითა და ძაღლით ის სანადიროდ მიდიოდა, რა დროსაც შემთხვევით "ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
ბრალდებული ჩაჩხიანი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლს უარყოფს და მომხდარს შემთხვევითს უწოდებს. დღეს სხდომის მიმდინარეობისას მოსამართლე გიორგი კერატიშვილს დაცვის მხარემ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაც სთხოვა, თუმცა უშედეგოდ.
ახლა 3 პირის დაჭრაში ბრალდებული 2-თვიან წინასწარ პატიმრობაშია, მას სამუდამო პატიმრობა აღარ ემუქრება - გამომდინარე იქიდან, რომ დანაშაულის იარაღი ცეცხლსასროლი იარაღის ნაცვლად, ბალისტიკური ექსპერტიზის მიხედვით, სანადირო თოფი აღმოჩნდა. საქმის პროკურორის თქმით, დაკავებული ღამით შურისძიებას და ადგილიდან მიმალვას ცდილობდა.
კლუბ "ბასიანთან" დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ მედიასთან შემთხვევის შესახებ კომენტარის გაკეთება ამ დრომდე არ სურთ. დაკავებული ჩაჩხიანის საქმის არსებითი განხილვა 2 თვეში დაიწყება. საქმის მასალებში მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნებია, რაზეც მოსამართლე მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს.