30 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ახალი, ყველაზე საშიში ნარკოტიკი ქართულ შავ ბაზარზე - ნარკოლოგები საზოგადოებას აფრთხილებენ

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში ახალი ნარკოტიკი გამოჩნდა. ახალია საქართველოსთვის,  თუმცა მთელ მსოფლიოში ის უკვე აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნარკოტიკი.

საუბარია ჯი- ეიჩ- ბიზე, რომელიც 60-იან წლებში ანესთეზიისთვის გამოიგონეს. 80-იან წლებში წონის დასაკლებად იყენებდნენ, ხოლო უკვე ამ საუკუნეში ე.წ. ქლაბერების საყვარელი ნივთიერება გახდა.

ის პოპულარობით მთელ მსოფლიოში სარგებლობს და სხვადასხვა დასახელებებით არის ცნობილი. საგულისხმოა, რომ შეერთებულ შტატებში ბოლო 30 წლის განმავლობაში ჯი-ეიჩ-ბის მოხმარების ფონზე 16 000 ადამიანი დაიღუპა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბილ კლინტონმა მისი ნებისმიერი ფორმით გამოყენება აკრძალა.

უკანასკნელი კვლევებით ეს ნარკოტიკი განსაკუთრებით საშიშია ალკოჰოლთან ერთად, ხოლო, მისი ე.წ. გადაგდება უფრო რთულია, ვიდრე ჰეროინის.

ნარკოლოგები საზოგადოებას კატეგორიულად აფრთხილებენ, რომ  ჯი-ეიჩ-ბის ახალი ნაერთის მოხმარება, რომელიც ბოლო პერიოდში შავ ბაზარზე გამოჩნდა, უმძიმესი შედეგებით სრულდება.

ე.წ. საუკუნის ნარკოტიკის შესახებ ინფორმაცია აქვთ სხვა ნარკოლოგიურ ცენტრებშიც. კლინიკა "ნეოგენის" დირექტორის განცხადებით, ნივთიერება პირდაპირ მოქმედებს სუნთქვის ცენტრზე, თრგუნავს რეფლექსს, რაც საბოლოოდ, შეიძლება სიკვდილის მიზეზიც გახდეს. ექიმის თქმით, ე.წ. კლუბურ ნარკოტიკს, მეორენაირად "ქიმიური სექსის" სახელითაც იცნობენ.

ექიმების განცხადებით, ხშირია გაუხმაურებელი შემთხვევები, როდესაც კლინიკებში მოზარდები შეჰყავთ. მათივე ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში საავადმყოფოებში პაციენტების ნაკადმა იმატა. ტოქსიკოლოგი მარინა გიორგობიანი ამბობს, რომ ვითარება განსაკუთრებით მაშინ მწვავდება, როდესაც ნარკოტიკს ალკოჰოლს ამატებენ. ჯი-ეიჩ-ბის მოხმარება იწვევს ბევრად მძიმე დამოკიდებულებას ვიდრე ოპიატების ჯგუფი.

ნარკოლოგების ინფორმაციით, მიმართვიანობა მკვეთრად არის მომატებული ახალი წლის პერიოდში.

თუმცა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ამბობენ, რომ მათთან მსგავსი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ფსიქოლოგების თქმით, ე.წ. კლუბური ნარკოტიკი დღეს მსოფლიოს წინაშე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ის პირდაპირ ურტყამს ფსიქიკას და ნეგატიური შედეგი ხშირად პირველი მოხმარებისთანავე დგება.

არაოფიციალური ვერსიით, ჯი-ეიჩ-ბი შავ ბაზარზე იყიდება. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ფორმულას იატაკქვეშა ლაბორატორიებში აწარმოებენ. საიდან ხვდება ნარკოტიკი ქართულ ბაზარზე, უცნობია.

ზუსტად რამდენიმე კვირის წინ გამოვლინდა ნარკორეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის ფარგლებშიც თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა სახის ქიმიურ ნივთიერებას ადგილზე ამზადებდნენ. ამოღებული ნარკოტიკის საერთო ღირებულებამ 6 მილიონი შეადგინა.

დღის ამბები