30 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი განადგურების პირასაა

ბათუმში მდებარე ნობელების სახლის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები გასული წლის ივნისში დასრულდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის განახლებაშიც სახელმწიფომ 183 ათას ლარზე მეტი დახარჯა, ახლა განადგურების პირასაა.

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში სამუშაოები მხოლოდ 4 დღის წინ განახლდა. მუზეუმში წვიმისა ჩადის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ზიანდება. დაობებულია მუზეუმის კედლები, ჩამონგრეულია ჭერი და ჩამოშლილია ელექტროგაყვანილობები. კომპანია, რომელმაც 2018 წელს ტენდერი მოიგო, უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო, იძულებული გახდა ისტორიულ ძეგლზე რეკონსტრუქცია განეახლებინა.

"აჭარის მუზეუმის" დირექტორი სულხან ოქროპირიძე დარწმუნებულია, რომ პრობლემა შენობის ახლად მიშენებულ ნაწილში მინის სახურავმა გამოიწვია, საიდანაც წვიმის დროს წყალი ამ დრომდე ჟონავს. სახურავი იმ მინის კონსტრუქციაზეა დამონტაჟებული, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ააშენა და შენობის ორივე სართულზე წყლის გუბეები დგას.

"კურიერის" მიერ მოპოვებულ წერილში, "აჭარის მუზეუმის" დირექტორი "მშენებელთა ჯგუფის" ხელმძღვანელს, მუზეუმში ხარვეზების გამოსწორებას სთხოვს. მას შემდეგ 3 თვეზე მეტი გავიდა, სამუშაოები კომპანიამ მხოლოდ 4 დღის წინ განაახლა. საგარანტიო ვალდებულების რამდენიმეთვიანი დაგვიანების მიუხედავად, სულხან ოქროპირიძე კომპანიის დაჯარიმების აუცილებლობას ვერ ხედავს.

ოქტომბრის შემდეგ შენობის ნაწილი დამთვალიერებლებისთვის დახურულია, ექსპონატები კი სხვა დარბაზებშია გადანაწილებული.

ტექნოლოგიური მუზეუმი 2007 წელს გაიხსნა და მასში წარმოდგენილია ძმები ნობელების და მე-19 საუკუნის 2000-მდე ექსპონატი, რომლებიც სინესტის მიუხედავად დაზიანებას გადაურჩა.

პროექტის მიხედვით ძმები ნობელების მუზეუმში კაფეტერია, მოსასვენებელი სივრცეები, ახალი დარბაზები უნდა განთავსებულიყო, თუმცა ტენდერის არცერთი პირობა სრულყოფილად შესრულებული არ არის.

საზოგადოება "ბათუმის" წევრი შოთა გუჯაბიძე უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების შესწავლისა და გამოკვლევის აუცილებლობაზე საუბრობს.

მუზეუმის შენობის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შეკვეთით მომზადდა.
სტატუსიდან გამომდინარე, სატენდერო პირობის თანახმად, მონაწილე პრეტენდენტს 2015 წლიდან 2018 წლამდე ურბანული სახეობის უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული უნდა ჰქონოდა. 

ძმები ნობელების მუზეუმის პრობლემა და ტენდერის პირობები არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა" გაასაჯაროვა. კვლევას ფოტოებიც ახლავს, სადაც სამუშაოების შემდეგ კულტურული ძეგლის მძიმე მდგომარეობა კარგად ჩანს. კადრები გასულ კვირას არის გადაღებული, რომლის მიხედვით მუზეუმში სარემონტო სამუშაოები არ მიმდინარეობდა.​

ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც შპს "მშენებელთა ჯგუფი" საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხვდება. 2 წლის წინ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა, ახალშენის კულტურის სახლის შენობაზე სახანძრო უსაფრთხოების კიბის მშენებლობისთვის 100 ათასამდე ლარი გამოყო, მაშინ "მშენებელთა ჯგუფმა" ორსართულიანი კიბე შენობას მიაშენა, რომლის ბოლოს კარის ნაცვლად კედელი იყო. 

 

დღის ამბები