30 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
აღიძვრება თუ არა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე - შსს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს იწყებს

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს იწყებს. ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ექს-პრეზიდენტის მიერ ნათქვამი ფრაზა ვარაუდის საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა ძალოვანი უწყებისთვის, რომ 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს მიხეილ სააკაშვილი უშუალოდ ხელმძღვანელობდა.

"ნაციონალური მოძრაობა" კონტრბრალდებით გამოდის. გიორგი ბარამიძის თქმით, უკვე წლებია ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს მსგავსი ბრალდებით ებრძვის. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მისი თანაგუნდელები თვლიან, რომ მას დანაშაულის შემცველი არცერთი ფრაზა არ უთქვამს.

აღიარებითი ჩვენება - ასე აფასებს მმართველი გუნდი ექს-პრეზიდენტის განცხადებას. როგორც ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, მიხეილ სააკაშვილმა 20 ივნისის მოვლენებში ჩართულობა თავადვე დაადასტურა და გამოძიებას პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე დღეს ოპოზიციის დიდმა ნაწილმა სხვადასხვა მიზეზით კომენტარზე უარი თქვა. მეორე ნაწილისთვის კი 20 ივნისის მოვლენების სააკაშვილისეული შეფასება სიახლე არ ყოფილა.

აღიძვრება თუ არა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი საქმე, ჯერჯერობით, უცნობია. ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ იტყვის. 20-21 ივნისის მოვლენებზე კი გამოძიება ორი - სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის, ხელში ჩაგდების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის მუხლებით მიმდინარეობს.

ავტორი: ქეთი ზანთარაია

ამავე თემაზე
დღის ამბები