30 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
ბავშვთა პორნოგრაფიის სქემის ავტორის პირველი ჩვენება და სკანდალური საქმის ახალი დეტალები   

ბავშვთა პორნოგრაფიის სქემის ავტორის პირველი ჩვენება, რომელიც უმძიმესი დანაშაულის საქმეში დევს.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე კარლ ჯიუეტ უილიამსი გამომძიებლებთან გულახდილად საუბრობს იმ სქემაზე, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანი ბავშვები გაუცნობიერებლად პორნოსკანდალში აღმოჩნდნენ.

როგორც ჩვენებიდან ირკვევა, მსგავსი მძიმე დანაშაულისთვის ის, 2012 წელს შეერთებული შტატების პოლიციამ დააკავა. უილიამსი კი აღიარებს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, სამშობლოში ვერ დარჩებოდა და საქართველოში წამოვიდა.

დანაშაულებრივი სქემის ავტორმა ქვეყნის საზღვარი უპრობლემოდ გადმოკვეთა. მუშაობა დაიწყო სკოლაში და ამავე წლიდან იწყება დანაშაული, რომლითაც მოგვიანებით ევროპის პოლიციის სამსახური დაინტერესდა. 

აღიარებით ჩვენებაში ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ აფრთხილებდა კონკრეტულ პირებს მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა სქემაში მონაწილე ადამიანები დიდი ჰონორარის სანაცვლოდ ყველა რისკზე მიდიოდნენ. 

საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად, მუშაობას გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იწყებს. უილიამსი ცხოვრობს იმ დედა-შვილთან ერთად, რომელთა დაკავების ოპერაციაც პოლიციამ ყველაზე ბოლოს, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაატარა. პაპიძეების საქმეზე სასამართლომ პირველად დღეს იმსჯელა, თუმცა ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ გამოძიება დაკავებულებს სასამართლოს გზით დანაშაულს ვერ დაუმტკიცებს. 

ამ საქმეს უკვე 24 ბრალდებული ჰყავს, უმრავლესობას კი ერთი პოზიცია აქვს. ამერიკის მოქალაქის ჩვენების მიუხედავად, ყველა დაკავებული ამტკიცებს, რომ უმძიმეს დანაშაულში გაუცნობიერებლად ჩაითრიეს.

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის გახსნის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდა, ფსიქოლოგების თანდასწრებით რამდენჯერმე გამოკითხეს ბავშვები, რომელთა ეროტიკული ფოტოები სხვადასხვა ვებგვერდებზე ვრცელდებოდა. საკუთარ ჩვენებებში მსხვერპლი მოზარდები კი იხსენებენ ყველა დეტალებს და მათ შორის, საუბრობენ ვერსიაზეც, რომ სავარაუდოდ, მათი ვიდეო გადაღება ფარულად, გასახდელ ოთახებში ხორციელდებოდა.

საქმე მოცულობითია და რამდენიმე ეპიზოდისგან შედგება. გამოძიებას მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია და აგრძელებს კონკრეტულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომელსაც უცხოელი კოლეგები უმძიმესი სქემის გასაშიფრად საქართველოს დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტს უგზავნიან. 

დღის ამბები