30 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
"ბასიანთან" მომხდარ ინციდენტზე დაკავებულის ბრალი გადაკვალიფიცირდა - ჩაჩხიანს უვადო პატიმრობა აღარ ემუქრება

"ბასიანთან" მომხდარ ინციდენტზე დაკავებულის ბრალი გადაკვალიფიცირდა. ბიძინა ჩაჩხიანის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე, რომელიც 20 წელს ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა, პროკურატურამ ბრალის ფორმულირება შეცვალა და კლუბ "ბასიანთან" 3 ადამიანის დაჭრისთვის 39 წლის მამაკაცს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ხულიგნობის მუხლი წაუყენა, რომელიც 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ჩაჩხიანმა იურიდიულ მომსახურებაზე უარი განაცხადა, ახლა მის ინტერესებს სახელმწიფო წესით დანიშნული ადვოკატი ია თოდუა იცავს. უფლებადამცველმა დიღმის მთავარ სამმართველოში ბიძინა ჩაჩხიანი დღეს მოინახულა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილი ბრალის ნაწილს არ იზიარებს.

კლუბ "ბასიანთან" მომხდარ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხვები მიმდინარეობს. დღეს გამომძიებლებმა ალადაშვილის კლინიკაში ბასიანის დაჭრილი თანამშრომლები, მენეჯერი ბექა ჭინჭარაული და თეა აბულაძე გამოკითხეს. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს კითხვები კლუბში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

დაზარალებულების გამოკითხვა კლინიკაში 1 საათი მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც გამომძიებლებმა საავადმყოფო დატოვეს, "ბასიანის" ორივე თანამშრომელი ალადაშვილის კლინიკიდან გაწერეს. 

ალადაშვილის კლინიკაში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კლუბის დაჭრილი თანამშრომლების მკურნალი ექიმიც გამოკითხეს.

"ბასიანთან" 18 გასროლა ბიძინა ჩაჩხიანმა 12 იანვარს განახორციელა. 39 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით კლუბის 3 თანამშრომელი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. მომხდარს წინ კლუბში დაპირისპირება უძღოდა. მიმალული ჩაჩხიანი სამართალდამცველებმა საკუთარ სახლთან აბაშიძეზე დააკავეს, მას 6 დანა, 23 ვაზნა და ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა. 

ბიძინა ჩაჩხიანი ერთხელ უკვე ნასამართლევია - ცეცხლსასროლი იარაღით ფსიქოტროპული აფთიაქის დაზიანებისთვის. 2010 წელს მას 8 წლით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა იგი მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს ჯერ პატიმრობიდან ამნისტიით გაათავისუფლა, შემდეგ პირობითი სასჯელი მოუხსნა, 2013 წელს კი ნასამართლეობაც გაუბათილა.

დღის ამბები