ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, პირველი პრეზიდენტის ოჯახი და ადვოკატი პირადად გაეცნობიან. ისინი საქმის დამატებითი მტკიცებულებების და მასალების გასაცნობად საქმის გამომძიებლებს თბილისის პროკურატურაში ხვდებიან.
კონკრეტულად რა მტკიცებულებებზე და საქმის რა მასალებზეა საუბარი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ეს მოწმეთა ჩვენებები იქნება.
რაც შეეხება ოჯახის წევრების პოზიციას მომხდართან დაკავშირებით, მათ მოტივზე საუბარი ამ დრომდე უჭირთ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმა წინასწარ იყო განზრახული.
"რა თქმა უნდა, ეს არის თავდასხმა და მკვლელობა, რა უნდა გამოიკვეთოს? ჯერჯერობით არაფერი ინფორმაცია არ გამაჩნია. ახლა ვნახავთ, რა მასალებია დამატებით. იყო როგორც ასე ვთქვათ, უშუალოდ ფიგურანტების ჩვენებები, ასევე ამ დანაშაულის უშუალოდ ჩამდენების და მათი ადვოკატების, რასაკვირველია იყო ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებიც.
კითხვები არის, რამდენადაც ჩვენს ქვეყანაში ჯერაც არ არის გამართული გამოძიების სისტემა. სასამართლოსთანაც იყო კითხვები სხვათა შორის, როდესაც ის ერთი ფიგურანტი გაუშვეს და ეს კითხვები რჩება. ძალიან ადვილი შესაძლებელია, დადგეს სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც," - აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური არ გამორიცხავს, რომ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე შესაძლოა გამოძიებამ ახალი დამნაშავეები გამოავლინოს.
"ახლა უკვე სამი კვირა გავიდა და არა სამი დღე და რა თქმა უნდა, გაცილებით მეტ დეტალს ველოდებით. რა თქმა უნდა შეიძლება იყოს ახალი დამნაშავეები გამოვლენილი, შეიძლება იყოს რაღაც ცვლილებები. ძალიან მაინტერესებს სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებული დამნაშავის ერთ-ერთი ძმა, რომელიც არასაკმარისი სამხილების გამო გაათავისუფლეს, ახლა რა ეტაპზეა ძიება. გარდა ამისა მაინტერესებს თუ ამოიღეს ცოტნესთან შემავალი ზარები," - აღნიშნა ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა.
როგორც ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი "კურიერთან" საუბრისას ამბობს, გამოძიებასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული კითხვები. ამირან გიგუაშვილი ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას - რატომ იყო გალის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დროს ელექტროენერგია გამორთული.
"ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული საკითხები. ეს უკავშირდება მათ შორის როგორც განათების არსებობა/არარსებობას და მიზეზებს, რის გამო არ იყო განათება თუ ასეთი ფაქტი დადასტურდა.
გვაინტერესებს კონკრეტულად იმ ადამიანების მონაწილეობის ხარისხი, რომელიც საქმეში ფიგურირებენ.
ვგულისხმობ პირველ რიგში თორნიკე ქვათაძეს, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის ძმაა და სასამართლომ საპატიმრო ღონისძიებიდან გაათავისუფლა, ჩვენი აზრით სრულიად დაუსაბუთებლად.
გვაქვს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რომ მისი მონაწილეობა იყო არა მხოლოდ როგორც ნეიტრალური პირის, რომელმაც იცოდა რა მოხდა ადგილზე, მაგრამ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან რა ბრალიც ახლა აქვს მას წარდგენილი, არამედ ვფიქრობთ, რომ ის აქტიურად მონაწილეობდა დაპირისპირებაში," - აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.