30 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
31 დეკემბერს დაკავებულების საქმე - საქალაქო სასამართლოში 5 სამოქალაქო აქტივისტის პროცესი მიმდინარეობს 

საქალაქო სასამართლოში 31 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 5 სამოქალაქო აქტივისტის პროცესი მიმდინარეობს. ისინი პარლამენტის წინ, კარვების დაშლას აპროტესტებდნენ, რის გამოც დააკავეს.

სასამართლო პროცესზე ის სამართალდამცველები იკითხებიან, რომლებმაც დაკავების ოქმები შეადგინეს.

პროცესზე სამოქალაქო აქტივისტების შეძახილები ისმოდა, რის გამოც მოსამართლემ სამი აქტივისტი დარბაზიდან გააძევა, მათ შორის ნოდარ რუხაძე და ელენე ხოშტარია.

"არსებობს უტყუარი ვიდეომასალა, როგორ აზიანებენ მიზანმიმართულად, ძალადობრივად ამ აქტივისტებს. მათ შორის ერთ-ერთს, გიორგი მუმლაძეს შეტანილი აქვს საჩივარი, თუმცა ცხადია, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არც არავინ დაკითხულა და არც არაფრის გაკეთებას აპირებენ. ჩვენ ვიცით, რომ აქ დღეს  სამართალს არ ვეძებთ, ვართ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელშიც საბოლოო ჯამში აუცილებლად გავიმარჯვებთ," - აცხადებს ელენე ხოშტარია.

სამოქალაქო აქტივისტი, ნოდარ რუხაძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარე ცრუობს და პროცესზე სწორედ ეს გააპროტესტა . 

"როდესაც მე გავაპროტესტე ის ფაქტი, რომ ბრალდების მხარე იტყუებოდა და ამტკიცებდნენ ამ ტყუილს, რასაც ედავებიან ჩვენს ბიჭებს, მან მითხრა, რომ დარბაზი უნდა დამეტოვებინა და ზუსტად მაგ მომენტში, მეც პროტესტის ნიშნად, ეს სხდომა დავტოვე. ეს მონა მოსამართლეებისთვის არის მიღებული პრაქტიკა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად შევცვლით არსებულ ვითარებას და სასამართლო სისტემას გავაჯანსაღებთ,“ - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისადმი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

დღის ამბები