30 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
ოკუპირებულ სოხუმში განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკოსები კრემლის გავლენებსა და მოსკოვის უკანონო ჩარევებს უკავშირებენ

ოკუპირებულ სოხუმში მიმდინარე პროცესებზე კრემლის გავლენებსა და მოსკოვის უკანონო ჩარევებზე საუბრობენ თბილისში.

პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სოხუმში მხოლოდ მოთამაშეები იცვლებიან, ოკუპირებულ რეგიონში პრორუსული პოლიტიკა კი ძალაში რჩება. პოლიტიკოსების ნაწილი ცენტრალური ხელისუფლების ეფექტიანი პოლიტიკის აუცილებლობაზე საუბრობს.

"ის, რომ აფხაზეთში ცვლილებები ხდება მხოლოდ მაშინ და მას მერე, რაც პოლიტიკოსები  ჩადიან იქ და დირექტივებს იძლევიან, კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ აფხაზეთი იმყოფება რუსეთის იმპერიული კლანჭების ტყვეობაში. აფხაზ ხალხს არანაირი განვითარება არ უწერია, სანამ ამ მდგომარეობაში არიან," - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გრიგოლ გეგელია.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აფხაზეთში მშვიდობით დაინტერესებული მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო და ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები არიან.

"კრემლის ტყვეობაშია ჩვენი აფხაზეთი. კრემლი აფხაზეთში მშვიდობით დაინტერესებული არ არის. თუ ვინმე არის აფხაზეთში მშვიდობით დაინტერესებული, ეს არის საქართველოს სახელმწიფო და ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

როგორც პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, აღნიშნულ ვითარებაში მთავარ პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ საქართველოს მთავრობას არანაირი პოლიტიკა არ გააჩნია.

"დაახლოებით 2-3 დღე ელოდა რუსეთი, თითქოს როგორც "დამოუკიდებელი მოთამაშე", აფხაზეთში მიმდინარე პროცესები როგორ დასრულდებოდა, მაგრამ როდესაც უკვე გადამწყვეტი მომენტი დადგა, მან გაუშვა აფხაზეთში თავის წარმომადგენელი და გარკვეული თვალსაზრისით ბეჭედი დაასვა იმ პროცესების დასრულებას, რომელი პროცესებიც იქ მიმდინარეობდა. მთავარი ის არის, რომ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია არანაირი პოლიტიკა," - აღნიშნავს ბექა ნაცვლიშვილი.

აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის მიერ კონტროლირებად პროცესებად მოიხსენიებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძეც. 

"ეს პროცესები, სამწუხაროდ, ბუნებრივია, კონტროლდება რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელსაც აქვს სრული კონტროლი იმ ვითარებაზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული ორივე ოკუპირებულ რეგიონში, თუმცა ჩვენ, ბუნებრივია, ვაკვირდებით ამ პროცესებს და საქართველოს ხელისუფლება, ზოგადად, გაატარებს, იმ ინტერესებს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები