30 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
"ანას ბაღთან" დღეს ისევ ხმაური და დაპირისპირება იყო - ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს

ვარკეთილში "ანას ბაღთან" დღეს ისევ ხმაური და დაპირისპირება იყო. მოსახლეობა სკვერთან 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობას უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებს. ადგილობრივები მერიას მიმართავენ, მათი მოთხოვნაა,  ადგილი შეიცვალოს და მშენებლობა სხვაგან გაგრძელდეს, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსებს არც ეზოები აქვს და არც რეკრეაციული ზონა, ბავშვებისთვის ერთადერთი სივრცე კი დღესდღეობით ეს სკვერია. 

ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის წარმომადგენელსა და ვარკეთილის ზემო პლატოს მოსახლეობას შორის დაპირისპირება გიორგი ბენაშვილის განცხადებამ გამოიწვია - სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა დღეს მოსახლეობა და აქციის სხვა მონაწილეები "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. ამასთან, ბენაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით მოსახლების სურვილს არ იზიარებს და სამუშაოების შეჩერებას არ აპირებს.

ადგილობრივი მოსახლეობა კი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს და ამბობენ, რომ "ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას არ დაუშვებენ. მათი ერთადერთი მოთხოვნაა, მერიამ სამშენებლო კომპანიას ადგილმონაცვლეობა შესთავაზოს ან კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ სამუშაოები შეაჩეროს. აქციების პარალელურად, ვარკეთილის მოსახლეობამ სამართლებრივი დავაც დაიწყო.

ვარკეთილის ზემო პლატოს მოსახლეობას დღეს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს პოლიტიკურმა პარტიებმა და მოძრაობა შეცვალეს წევრებმა. ადგილზე იმყოფებოდნენ "პარტიზანი მებაღეებიც", რომლებმაც შემოღობილ ტერიტორიაზე საპროტესტო შინაარსის პლაკატები გააკრეს.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ არც წინა და არც ახალი პროექტით მშენებლობა "ანას ბაღს" არ შეეხება. მერის მოადგილე ილია ელოშვილის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მშენებლობა გარკვეული პერიოდი შეჩერებული იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.

სამშენებლო კომპანია ხვალ დილიდან სამუშაოების განახლებას აპირებს, პოზიციებს არც ადგილობრივები თმობენ, რომლებიც უკვე 2 თვეა "ანას ბაღში" პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. ერთ-ერთი აქცია მონაწილეთა დაკავებებით დასრულდა, თუმცა მოგვიანებით ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

დღის ამბები