30 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში - სოხუმში პუტინმა საკუთარი ემისარი გაგზავნა

მოვლენების განვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში ტრადიციულად ისევ კრემლის ღია ინსტრუქციაზე გადის. უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, სოხუმში პუტინმა საკუთარი ემისარი გაგზავნა. სურკოვი ოკუპირებულ სოხუმში ჩავა და მოსკოვის გზავნილებს ჩაიტანს.

ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისის მეოთხე დღეს ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას გადადგომას ისევ ე.წ. ადმინისტრაციის შენობაში ელოდება. მომიტინგეებმა ე.წ. პრეზიდენტს ვადა დღის ბოლომდე მისცეს. ხალხის ნაწილის მოთხოვნა ოპოზიციის ლიდერებმა ხაჯიმბას პირადად გადასცეს. დე ფაქტო ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა კრემლის შუამდგომლობით ე.წ. სამთავრობო აგარაკზე შედგა. მოლაპარაკებებს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ესწრებოდა. რაშიდ ნურგალიევმა აგარაკი კომენტარის გარეშე დატოვა.

შეხვედრის შედეგებზე მხოლოდ ოპოზიციური ბლოკის ლიდერმა ასლან ბჟანიამ უკვე ე.წ. ადმინისტრაციის შენობის წინ ისაუბრა.

ტელეკამერებთან არ ჩნდება რაულ ხაჯიმბა, მის განცხადებებს ე.წ. პრესსამსახური ინტერნეტის საშუალებით ავრცელებს. აგარაკზე შეხვედრის შედეგებზე განცხადებაც პრესსამსახურმა გაავრცელა.

ხაჯიმბა მიიჩნევს, რომ უკანონოა როგორც ოპოზიციის მოქმედებები, ასევე ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაც.

დღეს დე ფაქტო საარჩევნო კომისიამ საგანგებო სხდომაზე დაადგინა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი არჩევნები 22 მარტს გაიმართება. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურმა კომისიას წერილობით უპასუხა, სადაც განმარტა, რომ ხაჯიმბა გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს, რადგან ის ქუჩის აქციების ზეწოლის ფონზეა მიღებული.

ე.წ. საარჩევნო კომისიასთან პრეტენზიები აქვს ოპოზიციასაც. ხაჯიმბას ოპონენტების განცხადებით, ახალი არჩევნები ძველი კანონმდებლობით ისევ არსებული დე ფაქტო ხელისუფლების ინტერესშია. გარდა ამისა, ხაჯიმბას სარჩელმა ოკუპირებულ სოხუმში ახალი კრიზისის საბაბი გააჩინა.

თუ დე ფაქტო სასამართლო ე.წ. პრეზიდენტის სარჩელს ახალ არჩევნებამდე დააკმაყოფილებს, კენჭისყრა არ შედგება. ხოლო თუ გადაწყვეტილებას არჩევნების შემდეგ გამოიტანს, მაშინ მისი შედეგები გაბათილდება.

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ კრემლმა უშიშროების საბჭოს მდივნის შემდეგ სოხუმში კიდევ ერთი მაღალჩინოსანი ვლადისლავ სურკოვი მიავლინა. პუტინის მრჩეველი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქამდე არსებული ყველა პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების მონაწილეა. სურკოვი მოლაპარაკებებს ორივე მხარესთან გამართავს. ოკუპირებულ სოხუმში ხაჯიმბას წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 9 იანვარს დაიწყო.

დღის ამბები