30 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
სიკვდილი დიქტატორს! – ამ შეძახილებით თეირანში ასობით დემონსტრანტმა უკრაინული ბოინგის ჩამოგდება გააპროტესტა

ირანი მასობრივმა ანტისამთავრობო აქციებმა მოიცვა. საგარეო კრიზისისა და უმწვავესი საერთაშორისო ზეწოლის ფონზე ქვეყანაში ახალი შიდა არეულობა მწიფდება. თვითმფრინავის ჩამოგდების და ასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის გამო, ხელისუფლებას ამჯერად საკუთარი მოქალაქეებიც უპირისპირდებიან, აქციებს კი ხელისუფლება ფიზიკურ ძალას და დაპატიმრებების სერიას უპირისპირებს. დაკავებების ტალღაში დიდი ბრიტანეთის ელჩიც მოხვდა.

"სიკვდილი დიქტატორს!" – ამ შეძახილებით თეირანში ასობით დემონსტრანტმა უკრაინული ბოინგის ჩამოგდების გამო ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ჰამენეის გადადგომა მოითხოვა. მომიტინგეებმა ხელისუფლებისგან გამოძიების გამჭვირვალედ ჩატარება და დამნაშავეების სათანადოდ დასჯა მოითხოვეს. პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზითა და ხელკეტებით დაშალა.

დემონსტრაციაზე დიდი ბრიტანეთის ელჩი რობ მაკაირი აქციის მონაწილეების წახალისების ბრალდებით დააკავეს, თუმცა რამდენიმე საათში დიპლომატი გაათავისუფლეს. ელჩის დაკავება დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებამ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად შეაფასა. თავად დიპლომატმა კი დემონსტრაციაში მონაწილეობა უარყო და განმარტა, რომ ის აქციაზე მხოლოდ სამგლოვიარო ცერემონიაზე დასასწრებად მივიდა. 

დასავლეთი ირანისგან გამოძიების გამჭვირვალედ ჩატარებასა და კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს მოითხოვს.

ირანი თვითმფრინავის ჩამოგდების აღიარებისთვის გააკრიტიკეს რუსეთის დუმაშიც. რუსი დეპუტატი იური შვიტკინი მიიჩნევს, რომ ლაინერის ჩამოგდებაში პასუხისმგებელი ირანთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატებიც არის. ვაშინგტონს მიზანმიმართულ პროვოკაციებში ადანაშაულებს ოფიციალური თეირანიც. დღეს ირანში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო ქვეყნის პარლამენტმა საგანგებო სხდომა დახურულ კარს მიღმა გამართა. 

უკრაინის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ირანი გამჭვირვალე გამოძიებას უზრუნველყოფს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა და ირანი შავი ყუთების ერთობლივ გაშიფვრასა და კომპენსაციის შესახებ შეთანხმდნენ. 

"როუჰანი და მე შევთანხმდით, ის დაუყოვნებლივ ბრძანებას გასცემს, რომ ირანელმა ექსპერტებმა უკრაინელ კოლეგებთან ერთად დაზარალებულთა ცხედრების იდენტიფიცირება დაასრულოს. ასევე დაღუპულები გადაეცეს უკრაინას. ჩვენ ასევე შევთანხმდით კომპენსაციის საკითხსა და შავი ყუთების ერთობლივად გაშიფვრაზე. მოვუწოდებ მთელს მსოფლიოს ერთიანობისთვის, რომ ამ კატასტროფის ყველა გარემოების სრულყოფილი გამოძიება მოხდეს," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.  

8 იანვარს თეირანის საერთაშორისო აეროპორტთან უკრაინული ავიახაზების კუთვნილი ბოინგის ჩამოვარდნას 176 ადამიანი ემსხვერპლა. საბედისწერო რეისის ბორტზე ირანის 82, კანადის 63, უკრაინის 11, შვედეთის 10, ავღანეთის 4, გერმანიისა და ბრიტანეთის 3-3 მოქალაქე იმყოფებოდა.

დღის ამბები