30 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
"ანას ბაღთან" აქციის მონაწილეებსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა

ხმაური ვარკეთილში. ანას ბაღთან აქციის მონაწილეებსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის ისევ დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება კი ადგილზე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის განცხადებას მოჰყვა. გიორგი ბენაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრია, რასაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება მოჰყვა. 

"კომპანიის პოზიციაა, რომ არ გვაწყობს ადგილმონაცვლეობა. კანონის სრული დაცვით ვმოქმედებთ, გავაგრძელებთ მუშაობას და მერიასთან აღებული ვალდებულების ვადებში დავასრულებთ მშენებლობას,"-განაცხადა გიორგი ბენაშვილმა

ანას ბაღში მიმდინარე აქციაზე, ადგილობრივების სოლიდარობის მიზნით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო მოძრაობის წევრები მივიდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისის მერს მოუწოდებენ, ანას ბაღში დაწყებული სამშენებლო სამუშაოები შეჩერდეს და კომპანიას კორპუსის ასაშენებლად სხვა ტერიტორია გადაეცეს.

"სამწუხაროდ საქართველო მეორე ადგილზეა მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების გამო ადამიანების სიკვდილიანობის მაჩვენებლით. ჩვენ სიკვდილით ვამყარებთ რეკორდებს და სკვერი, რომლითაც აქ მცხოვრები ადამიანები ათწლეულები სარგებლობდნენ, სუფთა ჰაერს სუნთქავდნენ, ერთ დღეს აღმოჩნდა, რომ გაიყიდა ნარმანიას დროს," - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი კახა კოჟორიძე.

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კალაძე ვაიძულოთ ან ადგილმონაცვლეობა გაუკეთოს კომპანიას, ან კომპენსაციის სახით გადასცეს ფულადი თანხა. არაფრად არ ღირს ამ ადამიანების დაკავება და დარბევა,"- განაცხადა მოძრაობა "შეცვალეს" წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

"პირველი რაც გააკეთა კალაძემ, როცა მერი გახდა თქვა, რომ სკვერში კორპუსებს არ ავაშენებო. ახლა სადაც ვდგავართ, მშენებლობის ნებართვა გააუქმა, მაგრამ წელიწადნახევრის შემდეგ, თავად გამოსცა ახალი სამშენებლო ნებართვა და თქვა, სკვერში ავაშენებთ კორპუსს და დავაბეტონებთ ყველაფერსო. ახლა გაჯიუტებას ურჩევნია იფიქროს ადგილმონაცვლეობაზე," - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ ვარკეთილში, ანას ბაღში მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს და მესამე დღეა საპროტესტო აქციებს მართავს. 

დღის ამბები