30 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციელზე, პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ძებნილი, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ჭ., თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 24 ნოემბერს ზ.ჭ. სადახლო-თელეთის საავტომობილო გზაზე "ტოიოტას" მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა. სოფელ ზემო თელეთში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან შეჩერების დროს, აღნიშნულ ავტომანქანასთან სამართალდამცველები მივიდნენ, რათა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკის შესახებ მიღებული ოპერატიული ინფორმაცია გადაემოწმებინათ.

სამართალდამცველთა დანახვისთანავე ზ.ჭ.-მ ჩაკეტა მანქანის კარები, გაქცევის მიზნით მიზანმიმართულად მოახდინა პოლიციის მანქანებზე შეჯახება, დააზიანა მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანები, გაქცევა მოახერხა და მიიმალა.

მომხდარიდან რამდენიმე დღეში ზ.ჭ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით.

ბრალის წარდგენის შემდეგ კი, ზ.ჭ.-ს სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.

ზ.ჭ-ს მიმართ გამოძიება სამსახურებრივი საქმიანობის დროს პოლიციელზე, პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს," - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები