30 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
პოლიტიკური კრიზისი ოკუპირებულ აფხაზეთში -13 იანვარს გახდება ცნობილი, როდის აირჩევენ ახალ დე ფაქტო ლიდერს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ "საპრეზიდენტო არჩევნების" თარიღს ელოდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ დე-ფაქტო ლიდერს არაღიარებულ რესპუბლიკაში 3 თვეში აირჩევენ. კონკრეტული თარიღი 13 იანვარს გახდება ცნობილი.

ამის შესახებ ე.წ "საარჩევნო კომისიის" ხელმძღვანელმა განაცხადა.

ე.წ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ "ცესკოში" დღეს დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა მიიტანა. მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ-მა "უმაღლესმა ინსტანციამ" სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

ე.წ "ოპოზიცია" კმაყოფილია, თუმცა ადგილობრივების დიდი ნაწილი პირვანდელ მოთხოვნას არ ცვლის. მათთვის მთავარი რაულ ხაჯიმბას უპირობო გადადგომაა.

ამბობენ, რომ ის ე.წ ქვეყნის სათავეში არც დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში უნდა რჩებოდეს. სწორედ ამიტომ ე.წ "პრეზიდენტის სასახლის" დათმობას არ აპირებენ.

გამოსავალი არსებობს და საკუთარი პოზიცია ადგილობრივებმა ე.წ "არჩევნებზე" უნდა დააფიქსირონ - ეს დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის განცხადებაა. ვალერი ბგანბა ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობას ე.წ "არჩევნებამდე" სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

შეთანხმების იმედი აქვთ ხაჯიმბას მხარდამჭერებს. დე ფაქტო პრეზიდენტს ისინი უკვე მეორე დღეა ე.წ მინისტრთა კაბინეტის შენობაში ელოდებიან. თუმცა მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ "ლიდერს" ანგარიშის ჩაბარება ოკუპანტი ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან უწევს. რაშიდ ნურგალიევი აფხაზეთში გუშინ ღამით ჩავიდა.

სიტუაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში უკვე მეორე დღეა დაძაბულია. მოსახლეობის ნაწილი ე.წ "საპრეზიდენტო არჩევნების" შედეგების გაუქმებას და კრიმინალთან ბრძოლას ითხოვს.

ამ მოთხოვნით ადგილობრივებმა ე.წ "პრეზიდენტის სასახლე" დაიკავეს და მის დათმობას არ აპირებენ.

შენობა ამ დრომდე ე.წ "მილიციელების" ალყაშია.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ახალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

დღის ამბები