პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით დასრულების ერთ-ერთ წინაპირობად ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას ასახელებს. კობერიძის თქმით, 50 ათასამდე წამალდამოკიდებული ადამიანი პოლიციური რეპრესიების შიშის გამო С ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვაზე უარს აცხადებს.
"მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, ამ საკითხთან დაკავშირებით არის იმ დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის რეფორმის ჩაგდებაში. ჩრდილში მყოფი ე.წ. ინტრავენური ნარკომანები, წამალდამოკიდებულები არ მოდიან სკრინინგზე, არ მოდიან დიაგნოსტირებაზე, იმის შიშით, რომ მათ პოლიციური რეპრესია დაემუქრებათ და დევნის მსხვერპლნი გახდებიან. ერთ-ერთი მთავარი თემა დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის იყო სწორედ ეს, პირველ რიგში, მიზანი იყო ამ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით დასრულება. იმიტომ, რომ ამ კანონპროექტის გარეშე ის ადამიანები ჩრდილიდან არ გამოვლენ. სხვადასხვა ექსპერტული შეფასებით, ეს დაახლოებით არის 40-50 ათას ადამიანამდე,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, C ჰეპატიტის სამკურნალო ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. აუდიტის დასკვნა, რომელმაც ჯანდაცვის უწყებაში C ჰეპატიტის პროგრამის ხარვეზები გამოავლინა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხულ მედიკამენტებს ეხება.
დასკვნის მიხედვით, 2016 წლის თებერვლიდან სამკურნალო პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − "ჰარვონი", რომლის მიხედვით, შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები, რამაც მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების მოხმარება.