30 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
"კვიცინიამ შესაძლოა აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს ის უფლებები დაუბრუნოს, რაც მათ ხაჯიმბამ წაართვა" - ექსპერტები

კონფლიქტოლოგმა გიორგი კანაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა კანდიდატი, რომელიც ძალაუფლებას მიიღებს, რუსეთისგანაა მართული. თუმცა, ექსპერტი იმ ცვლილებაზეც საუბრობს, რაც ოკუპირებულ რეგიონში ძალაუფლების ცვლილებამ იქ მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას შეუძლია მოუტანოს. 

"როდესაც იქ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ჩავიდა, იმის ნიშანია, რომ ე.ი. ძალიან მძიმე ვითარება იყო, შემდგომი კონფრონტაციის და სისხლისღვრის რეალური საფრთხე იყო. რუსეთს არ უნდოდა იმის საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენა, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელიც უშუალოდ მისი პროტექტორატის ქვეშ არის, ასეთი არეულობაა. ყველა კანდიდატურა სრულად კონტროლდება რუსების მიერ და რუსეთი იქ სიტუაციას სრულად ფლობს, ერთადერთი ის არის, რომ ხაჯიმბას დროს ქართულ აფხაზური დიალოგი ჩიხში მოექცა, გალელებთან მიმართებაში ხაჯიმბას ჰქონდა ძალიან დისკრიმინაციული პოლიტიკა. ოპოზიციის ამ ჯგუფს უფრო მეტად ლოიალური ურთიერთობები ჰქონდათ გალელებთან"- განაცხადა გიორგი კანაშვილმა.

იგივე პოზიციას იზიარებს "ექსპერტთა კლუბის" წევრი ირაკლი ცქიტიშვილი. ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ე.წ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოპოზიციამ, შესაძლოა, ეთნიკურ ქართველებს ის უფლებები დაუბრუნოს, რომელიც მათ რაულ ხაჯიმბამ წაართვა.

"მე არ ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაში ხაჯიმბას გამარჯვების რაიმე შანსი აქვს, თუ, რა თქმა უნდა, არჩევნები სამართლიანად ჩატარდება და ყველა ხმა იქნება სწორად დათვლილი. რა შეუძლია კვიცინიას მოგვცეს - კვიცინიას შეუძლია მისცეს იქ მცხოვრებ ქართველებს პასპორტები და რაღაც გარკვეული უფლება, რომელიც მათ ხაჯიმბამ წაართვა, ეს არის ჩვენი, ქართული მხარის ინტერესი. ხაჯიმბა ამას არ გააკეთებს და დარჩება იგივე სიტუაცია, რაც არის დღეს. ანუ, უუფლებო ქართველები, რომლებიც არანაირად არ მონაწილეობენ პოლიტიკურ ცხოვრებაში,"-განაცხადა ირაკლი ცქიტიშვილმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. საკასაციო ინსტანციის სასამართლომ არაღიარებული რესპუბლიკის ე. წ. საპრეზიდენტო კანდიდატის ალხას კვიცინიას საჩივარი დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც 8 სექტემბრის დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები ბათილად ცნო. 

მიუხედავად ამისა, ოპოზიცია პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს და ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვს.

იქამდე, ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ალხას კვიცინიას სარჩელის განხილვა ე.წ. არჩევნების შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. 

კვიცინიას მომხრეებმა დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა შტურმით აიღეს და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასა და რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ. რაულ ხაჯიმბა კი ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

დღის ამბები