პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უსაფუძვლოდ მიიჩნევს ოპონენტების კრიტიკას იმის თაობაზე, რომ C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოყოფილ ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების პრეპარატებს ვადა მთავრობის არასწორი მენეჯმენტის შედეგად გაუვიდა. ხუნდაძის თქმით, ეს პრეპარატები იმ 2000 პაციენტისთვის იყო განკუთვნილი, რომლებმაც პროგრამაში მონაწილეობა არ ისურვეს.
"ის, რომ თითქოს პროგრამა ჩავარდა, ეს აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ისინი აპელირებენ 2018 წლის მონაცემზე, როდესაც 2000 პაციენტით ნაკლებმა მიიღო პროგრამაში მონაწილეობა, ვიდრე ამის საშუალებას იძლეოდა პრეპარატების ოდენობა. ამიტომ, პრეპარატების შესაბამისი ოდენობა დარჩა მოხმარების გარეშე. ეს პროგრამა არ არის პრეპარატების გასაღების პროგრამა, ეს არის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის პროგრამა C ჰეპატიტისგან განკურნების. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა გამოვლინდეს. ვფიქრობ, ამ კუთხით უნდა აქტიურობდეს არა მხოლოდ უწყება და დარგის სპეციალისტები, არამედ პაციენტები. ამ შემთხვევაში იქნება პრეპარატის მაღალი მოხმარებაც და რაც შეიძლება სწრაფად მოხდება ქვეყანაში ელიმინაცია,"-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, C ჰეპატიტის სამკურნალო ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს გაუვიდა. აუდიტის დასკვნა, რომელმაც ჯანდაცვის უწყებაში C ჰეპატიტის პროგრამის ხარვეზები გამოავლინა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხულ მედიკამენტებს ეხება.
დასკვნის მიხედვით, 2016 წლის თებერვლიდან სამკურნალო პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − "ჰარვონი", რომლის მიხედვით, შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები, რამაც მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების მოხმარება.