30 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
შეცვლის თუ არა სისტემას მოზარდის თვითმკვლელობა - სახელმწიფო ინსტიტუტები სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ

15 წლის მოზარდის სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებამ ხელისუფლება რადიკალური ცვლილებების გატარების აუცილებლობამდე მიიყვანა. ბავშვების უფლებებზე მომუშავე სპეციალისტი იმ უწყებათშორისი ჯგუფის წევრია, რომელიც მოზარდების საჭიროებებზე მორგებული სისტემური ცვლილების გატარებას გეგმავს. ანა აბაშიძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება პრობლემის მოგვარებისთვის გარკვეული ქმედით ნაბიჯებს ახლა მაინც გადადგამს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამინისტროები საკითხის გადასაჭრელად სამოქმედო გეგმის დასახვას იწყებენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო 2017 წელსაც, როცა ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ უწყებებმა სისტემური პრობლემის გადასაჭრელად მუშაობა დაიწყეს, თუმცა პრობლემა 2 წლის შემდეგაც მოუგვარებელი დარჩა. არასამთავრობო სექტორს უნდობლობას სწორედ მსგავსი ფაქტები უჩენს.

სკოლის მხრიდან ბავშვთა საჭიროებების სწორად დანახვა, სწრაფი რეაგირება და მოზარდის უფლებების დაცვა - მთავრობა სისტემური ცვლილებების განხორციელებისთვის ემზადება. ოთხ სამინისტროს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის წარსადგენად ვადა ეწურება. ერთ-ერთი ასეთია განათლების სამინისტრო, რომელსაც სამომავლო მუშაობის გარკვეული მონახაზი უკვე შემუშავებული აქვს.

სამთავრობო სტრუქტურების გარდა, სისტემური პრობლემის მოსაგვარებელი გეგმის დამუშავების პროცესში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ის სპეციალისტები, რომლებიც მოზარდთა უფლებების დაცვაზე წლებია მუშაობენ - ამბობენ, რომ უწყებათშორისი ჯგუფის შეხვედრებმა სამინისტროებში არსებული სისტემური ხარვეზები ნათლად გამოავლინა.

მოზარდებში არსებული სუიციდური თუ სხვა პრობლემის მინიმუმამდე დაყვანის გეგმის მოსამზადებლად დავალება სამინისტროებმა მთავრობის მეთაურისგან 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების მეორე დღეს მიიღეს. სახელმწიფო ინსტიტუტების უწყებათშორისი ჯგუფი, პრობლემის მოსაგვარებელი, სამოქმედო გეგმის კიდევ ერთხელ განსახილველად 16 იანვარს შეიკრიბება.

დღის ამბები